ახალი ამბები

ხიდაშელის განცხადებით, ობიექტს, სადაც წითელაშვილი შევიდა, საიდუმლო სტატუსი მოეხსნა

8 აგვისტო, 2016 • 1813
ხიდაშელის განცხადებით, ობიექტს, სადაც წითელაშვილი შევიდა, საიდუმლო სტატუსი მოეხსნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი არ ეთანხმება განცხადებებს იმის შესახებ, რომ საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლება არ დარღვეულა.

ამის შესახებ კომენტარი ხიდაშელმა დღეს, 8 აგვისტოს, მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ობიექტი, სადაც ტრისტან წითელაშვილი შევიდა, ნამდვილად საიდუმლო იყო, თუმცა ამის მერე ერთ–ერთ უშიშროების სხდომაზე ეს სტატუსი მოეხსნა.

“ეს ადამიანი მე გავათავისუფლე თავდაცვის სამინისტროდან იმის მერე, რაც გავარკვიე, ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მე არ ვეთანხმები იმ  სარეჟიმო წესის დარღვევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ვნახოთ, რას იტყვის გამოძება. მე ახლა არ შემიძლია იმ ობიექტის მისამართის დასახელება, რომელზეც საუბარია, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საიდუმლო ობიექტები იყო. ეს ძალიან მარტივად დასტურდება იმ ფაქტით (ეს საჯაროდ ცნობილია, მოძებნეთ არქივებში, ახლა მე თარიღი აღარ მახსოვს), რომ ერთ–ერთ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენ მოვხსენით მას საიდუმლო სტატუსი. ანუ მანამდე ის საიდუმლო დაწესებულება იყო, სხვანაირად ვერ მოვხსნიდით მას ამ სტატუსს,” – ამბობს ხიდაშელი.

თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე გარეშე პირის შესვლასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია საიდუმლო ობიექტს არ წარმოადგნედა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო პასუხს, მისი თქმით, გამოძიება გასცემს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას აღნიშნა, რომ  ობიექტი, რომელზეც გარეშე პირი იმყოფებოდა, არ არის საიდუმლო ობიექტი, ის არის ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფის ობიექტი. თავად ტრისტან წითელაშვილიც ამბობს, რომ იგი თელეთის სასაწყობო ბაზაზე იმყოფებოდა.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამის შესახებ კალანდაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოსტსკრიპტუმთან ისაუბრა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც უწყების მართვა მინდია ჯანელიძისგან გადაიბარა, განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. პროკურატურამ კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროდან რაიმე ტიპის ინფორმაციის მიღება უარყო. ახალმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებამ საგამოძიებო ორგანოს მასალები 2 აგვისტოს გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი