ახალი ამბები

თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს

5 აგვისტო, 2016 • 5372
თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ხარისხის მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა განათლების სამინისტროსთვის და მინისტრი გუნდთან ერთად ამ სფეროს გაძლიერებას გეგმავს:

“ძირითადი პრეტენზიები რაც გვაქვს ჩვენ, თქვენც და ნებისმიერ ადამიანს არის სწორედ ხარისხთან. მე კოლეგებთან კონსულტაციით გადავწყვიტე, რომ ხარისხის მიმართულება გავაძლიეროთ და ვთხოვეთ ყოფილ განათლების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს, რომ ჩაუდგეს სათავეში განათლების ხარისხის ცენტრს, რომელიც არის სამინისტროს ერთ-ერთი დაწესებულება და მივიღეთ მისგან თანხმობა და ძალიან მოხარული ვარ რომ რამდენიმე დღეში ჩაუდგება თამარი ამ ორგანიზაციას სათავეში და დარწმუნებული ვარ რომ ეს ხარისხის გუამჯობესების თვალსაზრისით კარგი ამბავი იქნება” – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წელს დაარსდა და ადგენს აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი