ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი ახალგაზრდა პრემიერის მოლოდინში

5 აგვისტო, 2016 • 1873
აფხაზეთი ახალგაზრდა პრემიერის მოლოდინში

არტურ მიქვაბია პრემიერ მინისტრის თანამდებობას ვერ გაუმკლავდა. ეკონომისტს დიდი სტაჟით, რომელიც აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატად არაერთხელ აირჩიეს, მთავრობის ხელმძღვანელის როლის შესრულება რთულ დროს მოუწია.

გარკვეული პრობლემები და ხარვეზები რუსეთიდან ფინანსური დახმარების საკითხში, რუსეთში რუბლის დევალვაციამდეც და ეკონომიკურ კრიზისამდეც შეიმნეოდა, რაც, როგორც ჩანს, პოლიტიკასთან იყო კავშირში. ამჟამად სანქციებით გარშემორტყმულმა კრემლმა რესპუბლიკა, ასე ვთქვათ, “მშიერზე” დასვა. საკუთარ მიზერულ ბიუჯეტზე აფხაზეთში ცხოვრება უკიდურესად მძიმეა. ოპოზიცია კი, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობის უკმაყოფილებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამიტომაც საგადასახადო სისტემის შექმნა მიქვაბიას მთავარი ამოცანა იყო.

“ქვეყანა ვერ იცხოვრებს გადასახადების გარეშე. სხვა შემთხვევაში ვერ შეავსებს ბიუჯეტს. ჩვენმა ყველა მცდელობამ, შემოვიღოთ დღგ და სხვა გადასახადები, საზოგადოებაში მხოლოდ ვნებათაღელვა გამოიწვია. ვფიქრობ, აფხაზური საზოგადოება თავად ამუხრუჭებს საკუთარი ქვეყნის განვითარებას და ასეთ პირობებში მე არ მსურს მუშაობა,”- ასე განმარტა პოსტის დატოვების მიზეზი თავად ყოფილმა პრემიერმა.

ეს მართლაც სრული ჩავარდნა იყო. 10% -იანი დღგ-ს შემოტანამ საქონლის იმპორტზე, მეწარმეებში სრულებით პროგნოზირებადი უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც მალევე ქუჩებში გადაინაცვლა. თუმცა, ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ პოზიციაზე დარჩენილიყო, მოულოდნელად უკან დახევა დაიწყო და საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გადასახადები გააუქმა. ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელი იყო, რამდენადაც პირველი დათმობის შემდეგ, მალევე საქმეში სხვადასხვა ტიპის ლობისტები ჩაერთვნენ და პარლამენტის დეპუტატებმა აღნიშნულ კანონში ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. შედეგად მთელი საგადასახადო რეფორმა ჩავარდა. ბიუჯეტს კი, ასეულობით მილიონი რუბლი დააკლდა.

რეფორმის ჩავარდნაში აფხაზური საზოგადოების დადანაშაულება ძალიან მარტივია – ის არც გიპასუხებს და არც ეწყინება. რეალურად მთავარი დამნაშავე არც არტურ მიქვაბიაა [რომელიც დათმობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა, ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის დაცვა], არამედ თავად რაულ ხაჯიმბა. სწორედ ის მივიდა მოლაპარაკებებზე მეწარმეებთან ჩამოყალიბებული პოზიციით და მოლაპარაკებების პროცესში დათმობაზე წავიდა. შესაძლოა, არგუმენტები, რომლებიც მიქვაბიამ და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა წამოწიეს, მეწარმეების პროტესტის გამზიარებელი ოპოზიციის შიშითაც გადაწონა.

ამჟამად მთვარი კითხვაა, ვინ დაიკავებს მიქვაბიას შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას? ასახელებენ სხვადასხვა კანდიდატურას, მაგალითად, გაიჟღერა რუსეთში მოღვაწე მეწარმის, ბესლან აგრბას სახელმა. ალბათ, იმიტომ, რომ არტურ მიქვაბიაც და მისი წინამორბედი ბესლან ბუტბაც მოსკოვური გამოცდილების მეწარმეები იყვნენ. საზოგადოებაში განხილულ კანდიდატებს შორის არიან, ასევე, პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა, პარლამენტარი ასლან კობახია, ყოფილი ვიცე პრემიერი ბესლან ეშბა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად დეპუტატი სერგეი შამბა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ბარციცი.

ბოლო კანდიდატურას უფრო ყურადღებით დავაკვირდებოდი. 18 ივლისს რაულ ხაჯიმბა გაგრაში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა. მათ სოციალურ -ეკონომიკური განვითარების 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამა განხილეს. დამსწრეებმა შენიშნეს, რომ არტურ მიქვაბია შეხვედრას არ ესწრებოდა, რამაც მაშინვე საუბრების მორიგი ტალღა ააგორა, რომ ის პოსტის დასატოვებლად ემზადება. თუმცა, ბევრმა ისიც შენიშნა, რომ აფხაზური მხარიდან შეხვედრას ბესლან ბარიციცი დაესწრო.

ბარიციცის კანდიდატურის რეალობაზე ის ფრაზაც მიანიშნებს, რომელიც რაულ ხაჯიმბამ მთავრობის გადადგომის შესახებ ბრიფინგზე ისროლა, – რომ ეს იქნება ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია “ეფექტურად და ოპერატიულად გადაჭრას არსებული ამოცანები”. ყველა დასახელებულ კანდიდატს შორის დღეს 1978 წელს დაბადებული ბესლან ბარციცი ყველაზე ახალგაზრდაა.

და ბოლოს, სწორედ ბარციცს უკავშირებენ ახალი პრემიერ მინისტრის დანიშვნის დაგვიანებას, რამდენდაც, აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ოჯახური გარემოებების გამო, ამჟამად აფხაზეთში არ იმყოფება.

რაც არ უნდა მოხდეს, ახალი პრემიერის დანიშვნით, საეჭვოა, რომ აფხაზურ პოლიტიკაში მიმდინარე მდგომარეობა შეიცვლება. პრეზიდენტი მთავარ ფიგურად რჩება, რომელსაც მაქსიმალური უფლებამოსილებები აქვს. ბევრი ფუნქცია ეკისრება თავად პარლამენტსაც. ამ კონფიგურაციაში პრემიერ მინისტრი სუსტი ფიგურაა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერზე – ასე ვთქვათ, “გასაშოლტი ბიჭია”. შეუძლია თუ არა სიტუაციის შეცვლა ახალგაზრდა პრემიერს – იქნება ეს ბარციცი თუ ვინმე სხვა, ეს საკითხი, სამწუხაროდ, რიტორიკულად რჩება.

ასევე, რიტორიკულად შეიძლება მივიჩნიოთ კითხვა, შეუძლია თუ არა აფხაზეთის ხელისუფლებას შექმნას საგადასახადო სისტემა, რომელიც რესპუბლიკას საშუალებას მისცემდა ყოფილიყო უფრო დამოუკიდებელი მოსკოვის ახირებებისგან. ბოლო წლების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, რეფორმის აუცილებლობის შესახებ საუბრებზე შორს არავინ აპირებს წასვლას. ხალხში არაპოპულარული რეფორმების გატარებაზე, საკუთარი თავის საზიანოდ რაულ ხაჯიმბა ვერ წავიდა და ალბათ, არც წავა. მისი პოლიტიკური ნების გარეშე კი, ამას ახალი პრემიერიც ვერ გააკეთებს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი