ახალი ამბები

“ახალი არჩევანი” – გირჩმა, მემარჯვენეებმა და ახალმა საქართველომ საარჩევნო ბლოკი შექმნეს

5 აგვისტო, 2016 • 1936
“ახალი არჩევანი” – გირჩმა, მემარჯვენეებმა და ახალმა საქართველომ საარჩევნო ბლოკი შექმნეს

“გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ახალი საარჩევნო სუბიექტის პრეზენტაცია დღეს, 5 აგვისტოს ლისის ტბაზე გაიმართა.

“ჩვენ ვერთიანდებით ბლოკში – ახალი არჩევანი.  ვერთიანდებით ღირებულებების გარშემო და არა პიროვნებების გარშემო, ” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე - ჯაფარიძე - ახალი არჩევანი

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოს მასშტაბით უამრავი პრობლემაა და ხელისუფლებას არ აქვს ამ პრობლემების მოგვარების უნარი:

” პრობლემებია უმუშევრობის კუთხით, გაჭირვება, უპერსპექტივობა, იმედგაცრუება, რომელიც არის მთელ ქვეყანაში და სამწუხაროდ უუნარო ხელისუფლებას ამ გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ვერაფერით პასუხობს ამ ყველაფერს, რადგან არ აქვთ ხედვა, არ აქვთ გეგმა, არ იციან რა გააკეთონ. ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა შეძინოს საქართველოს. გთავაზობთ არჩევანს არა ცუდსა და უარესს შორის,  როგორც გარკვეული პოლიტიკური პარტიები აკეთბენ, არამედ წარსულსა და მომავალს შორის.  ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და დაპირისპირების ტალღაზე მოსული პოლიტიკური ძალები, წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანას აქვს,” – ამბობს ვაშაძე.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოში ახალი არჩევანის გაჩენის აუცილებლობაა. მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკის შექმნა პასუხისმგებლობაზე და ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა:

“ჩვენ არ მოვდივართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავხლიჩოთ ქვეყანა, არამედ მოვდივართ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ისედაც დანაწევრებული საზოგადოება. მოვდივართ იმისთვის, რომ დავამარცხოთ მთავარი იარაღი ჩვენი მტრების ხელში, სიღარიბე. მოვდივართ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გავაორმაგოთ და ჩვენს შვილებს დავუტოვოთ უკეთესი, ახალი და უსაფრთხო საქართველო,” -აღნიშნავს ჯაფარიძე.

"ახალი არჩევანის" პრეზენტაცია

“ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ გვაქვს ერთიანი ხედვა მომავალთან მიმართებაში,  – მიმართა  “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ პრეზენტაციაზე შეკრებილ მხარდაჭრებსა და აქტივისტებს.

“ახალი არჩევანი” არის გზა მშვიდობიანი განვითარებისათვის, ეს არის გზა ეკონომიკური ზრდისაკენ და ეს არის გზა მეტი თავისუფლებისაკენ. ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი, ახლა თქვენ გააკეთეთ,” – განაცხადა კაციტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი