ახალი ამბები

ბეჟაშვილი: კონტროლის პალატა კანონის ფარგლებში მოქმედებდა

19 მარტი, 2012 • 1015
ბეჟაშვილი: კონტროლის პალატა კანონის ფარგლებში მოქმედებდა

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა გუშინ გადაცემა “აქცენტებში” კონტროლის პალატის მხრიდან მოქალაქეების გამოკითხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ კონტროლის პალატა კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ გამოკითხული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ არარელევანტურ შეკითხვებს უსვამდნენ, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ხდიდნენ და გამოკითხვები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა.

მოქალაქეების გარდა, კონტროლის პალატის მიერ ბოლოდროინდელ მოქმედებებს გამოეხმაურნენ: ამერიკის ელჩი ჯონ ბასი,  “ამნესთი ინთერნეიშენალი”,  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და სხვა.

ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ მასობრივი გამოკითხვების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მოძრაობა “ქართული ოცნების” წარმოდგენილ  ფინანსურ ანგარიშგებაში კითხვის ნიშნები გაჩნდა:

“ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა რეალურად განხორციელებულ ფაქტებს, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით 700 ლარამდეა ანგარიშზე. თუმცა, იმავდროულად, თვალყურს ვადევნებდით, საჯაროდ გაშუქებულ, რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების შტაბების გახსნას, ადამიანების დასაქმებას, გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობას, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია წარმოდგენილ ანგარიშგებაში მოცემული არ იყო. შესაბამისად, უნდა მოგვეკვლია, საიდან მომდინარეობს ეს დაფინანსება, რატომ არ არსებობს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია, რათა საზოგადოებამ კანონის შესაბამისად იცოდეს, საიდან მოდის ეს დაფინანსება, რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გამოგვეკითხა მხოლოდ და მხოლოდ ის პირები, აქ აქტივისტებზე არ არის საუბარი, ვისაც გარკვეული კავშირი შეიძლება ჰქონოდა პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობასთან. ამ სიაში მოხვდენენ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს იჯარით გაცემა ქონების, ასევე განახორციელეს პოლიტიკური პარტიის ფასიანი მომსახურეობა, რაც, ბუნებრივია, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებაა და ვერავინ ვერ შეზღუდავს ამ უფლებას”.

ბეჟაშვილი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ გამოკითხვის დროს კონტროლის პალატის წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ რელევანტურ კითხვებს სვამდნენ, რადგან მათ ძალიან მკაცრი მითითებები ჰქონდათ მიღებული და ტრენინგიც გავლილი ჰქონდათ:

“იყო საუბარი, რომ სხვა ტიპის შეკითხვებიც ისმებოდა მათ პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, თუმცა მე გამოვრიცხავ ასეთი კითხვების დასმას, რამდენადაც იმ თანამშრომლებს, რომლებიც კონტროლის პალატის სახელით იყვნენ რეგიონებში წარგზავნილნი, ჰქონდათ მკაცრი ინსტრუქციები, მოხდა წინასწარ მათი ტრენინგი, თუ რა კითხვების დასმის უფლება ჰქონდათ და რისი – არა.”

ბეჟაშვილმა კატეგორიულად უარყო ისეთი კითხვის დასმის ფაქტი, როგორიცაა “რატომ მოხვდით იმ პარტიაშ, რომელსაც რუსეთი აფინანსებს?”

რაც შეეხება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდის მოთხოვნას, ბეჟაშვილი ამბობს:

“ეს არის ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომები, როდესაც შედიხარ სახელმწიფო დაწესებულებებში, იქ გარკვეული პროცედურების გავლა გიწევს და მოქალაქეები როცა შედიან, მათ იციან ამ წესის შესახებ.”

ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ადვოკატების დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემა მხოლოდ ჩოხატაურში დაფიქსირდა, რომელიც მალევე აღმოიფხვრა, თუმცა მოგვიანებით “საიას” ადვოკატი ოთახიდნ გამოაგდეს. როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ის ხელს უშლიდა გამოკითხვის ჩატარებას. თუმცა თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ადვოკატი დასმული შეკითხვების ჩაწერის გამო გამოაგდეს.

რაც შეეხება პროცესზე ჟურნალისტების არდაშვებას, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ამბობს:

“არც ერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, ჟურნალისტების დაშვება არ ხდება გამოკითხვების, გასაუბრებების დროს. კადრები, რომლებიც გავრცელდა, მეტყველებდა იმაზე, რომ ჟურნალისტები აქტიურად აშუქებდნენ პროცესებს და რეალურად ინფორმაცია საზოგადოებასაც მიეწოდა.“

მიუხედავად იმისა, რომ ბეჟაშვილი დიდწილად არ იზიარებს იმ შენიშვნებს, რაც ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით გაჩნდა, აღნიშნული აჟიოტაჟი მისთვის გარკვეული სიგნალის მატარებელია:

”ჩვენ დავინახეთ ის მოქმედებები, რაც უნდა განვახორციელოთ მომავალში. პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოკითხვის ჩაწერები, ასევე, შემუშავდეს ე.წ. გაიდლაინები, რომელიც ნათელს გახდის ყველა პროცედურას, თუ რა საკითხთან დაკავშირებით, რა როგორ უნდა ჩატარდეს, ასევე შემუშავდეს ე.წ. საინფორმაციო ფურცლები, საიდანაც მოქალაქეები გაიგებენ, რა არის ნებადართული ახალი კანონმდებლობით, რა საქმიანობაა დაშვებული და რა – აკრძალული, რათა გავზარდოთ ცნობადობა ამ საკითხთან მიმართებაში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი