ახალი ამბები

სტიქიამ ბორჯომში ყველაზე მეტად პარკი დააზარალა

5 აგვისტო, 2016 • 2128
სტიქიამ ბორჯომში ყველაზე მეტად პარკი დააზარალა

გუშინდელი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ბორჯომის ისტორიული პარკი დაზიანდა, სადაც წაქცეულია ასწლოვანი ხეები და განადგურებულია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, მიმდინარეობს ზარალის დადგენა, ხოლო კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ყველაზე კრიტიკული მდომარეობა ამჟამად არის სწორედ პარკში.

“ახლა კრიტიკული რაც არის, ეს არის პარკი, უნდა გავასუფთავოთ პარკის ტერიტორია. პარკი დღის განმავლობაში სანახევროდ გაიხსნება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

13912514_1248286318528848_3391457408525467133_n

გუშინ საღამოს ბორჯომის პარკიდან, სადაც ასევე მდებარეობს გოგირდის აბანოები, დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა. დღეს დილიდან პარკი, სადაც მოედინება მინერალური წყალი ბორჯომი, დამსვენებლებისთვის დაკეტილია.

გუშინ სეტყვის, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაიტბორა ბორჯომის ქუჩები, სახლები, მაღაზიები, აფთიაქები, მოგლეჯილია ხეები. ანალოგიური ვითარება იყო ცემში, ბაკურიანში, სოფელ სადგერსა და ტბაში.

ბორჯომი სტიქიის შემდეგ. 5.08.2016. ფოტო: კრიზიების მართვის საბჭო.

ბორჯომი სტიქიის შემდეგ. 5.08.2016. ფოტო: კრიზიების მართვის საბჭო.

მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზე დააზიანა ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.

ამ დროისთვის წაღვერის, ბაკურიანის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმართულებით გაიწმინდა გზა და საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. სამუშაოები კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი