ახალი ამბები

სააკაშვილი: მიდით უცხოურ საელჩოებში და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მოქალაქეებს

19 მარტი, 2012 • 1029
სააკაშვილი: მიდით უცხოურ საელჩოებში და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნების, მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს თბილისში ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ქართველ ჩინოვნიკებს ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ:

“მიდით ზოგიერთ უცხოურ საელჩოში, თბილისის ცენტრში, ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს, უცხოელებიც და, სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. და რატომ ეპყრობა, იცით, ასე? – იმიტომ, რომ ჰგონია, რომ ის არის უფროსი და შენ რომ მიდიხარ, მისგან რაღაცა გინდა, ე.ი. მას აქვს უფლება, დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს, გაცდევინოს, გალუღლუღოს რაღაც, გახვეწნინოს და ამით დიდი სიამოვნება მიიღოს. ეს არის ბიუროკრატიის ინსტინქტი და ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ძვალში და რბილში გამჯდარში და საქართველოში – ფეოდალური მენტალიტეტი, რომ მე ვარ ბატონი, თუ რაღაცა გინდა, მოდი, მეხვეწე და კიდევ ამაში მერე ფული გადამიხადე, თუ კორუფციაში გადადიოდა საქმე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “იმისთვის, რომ გავიხსენოთ, რა არ უნდა დაბრუნდეს, ამისთვის არ არის აუცილებელი, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში გავიდეთ და, ვთქვათ, საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ… ჩვენს საელჩოებშია ბევრში, უცხოურ საელჩოებში, მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნების, ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება, ჩვენს ჩინოვნიკებს რომ ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ.”

მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხებზე მენტალურ რევოლუციაზე საუბრისას განაცხადა, როდესაც ის უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა. სააკაშვილი მათ დღეს თბილისის საინფორმაციო მომსახურების ცენტრში შეხვდა და პირველი საგანმანათლებლო 1000-ლარიანი ვაუჩერი ერთ-ერთ მსურველს, მარი ბიბილაშვილს გადასცა, რომელიც პრეზიდენტმა თავადვე დაარეგისტრირა.

მიხეილ სააკაშვილი სტუდენტების მიერ გამართულ მუსიკალურ შოუს, ფლეშ მობისაც დაესწრო, რომელშიც ცნობილი სახეებიც იღებდნენ მონაწილეობას. სტუდენტებმა ამ ფორმით აღნიშნეს ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებას ითვალისწინებს. ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი