ახალი ამბები

საგარეო უწყება “ჯავახკის” განცხადებას რუსულ სპეკულაციად მიიჩნევს

19 მარტი, 2012 • • 1193
საგარეო უწყება “ჯავახკის” განცხადებას რუსულ სპეკულაციად მიიჩნევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა “ჯავახკის” რუსეთის დიასპორის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ჯავახეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნას.

“მე ცალკეული პირების გამონათქვამებზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რაც შეეხება შეკითხვას იმის თაობაზე, თუ ვფლობთ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ, ჩვენ ძალიან კარგად ვფლობთ ინფორმაციას რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც არის მჭიდროდ დასახლებული ეთნიკური მოსახლეობით. ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან გვაქვს ძალიან კეთილმეზობლური და კარგი ურთიერთობები, არამედ მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართაც, სახელმწიფოს აქვს ძალიან წარმატებული სტრატეგია, რომელსაც ძალიან წარმატებულად ახორციელებს,” – განაცხადა კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.  

კალანდაძეს ასევე უკვირს, თუ რატომ უნდა მიიჩნეოდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანება სომხეთისათვის საფრთხედ.  

“ჯავახკის” რუსეთის დიასპორის ხელმძღვანელის განცხადებით, “საქართველოს ნატოში გაწევრიანება სომხეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება”. როგორც ნინო კალანდაძე აცხადებს, “თავად სომხეთი აქტიურად თანამშრომლობს ალიანსთან და ძნელი წარმოსადგენია, რატომ უნდა მიიჩნევდნენ ეთნიკური სომხები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას რაიმე საფრთხედ”. მან ეს ყოველივე რუსულ სპეკულაციად შეაფასა.

“რაც შეეხება ნატოსთან მიმართებით საფრთხეებს, უნდა ითქვას, რომ სომხეთი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ალიანსთან, მისი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია ეს. ამდენად, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რატომ უნდა მიიჩნევდეს ამას (საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციას) ვინმე რაიმე საფრთხედ, თუ არა, რასკვირველია, მის უკან არსებული გარკვეული რუსული ძალები, რომლებსაც, ერთი მხრივ, ინტერესი აქვთ, რომ მაქსიმალურად შორს ჰყავდეთ ალიანსი საკუთარი მოსაზღვრე სუვერენული სახელმწიფოებისგან და მეორე მხრივ, განსაკუთრებული დინტერესება აქვთ, რომ საქართველოში განხეთქილება და დაძაბულობა არსებობდეს ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ამდენად, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყველა ასეთი ტიპის სპეკულაცია სხვა მიმართულებიდან მოდის და არანაირ რეალურ საფუძველს არ ეყრდნობა,” – განაცხადა კალანდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი