ახალი ამბები

10 მილიონამდე ლარი 162 მოსამართლეს

19 მარტი, 2012 • 2299
10 მილიონამდე ლარი 162 მოსამართლეს

საქალაქო და რაიონული სასამართლოების 162 მოსამართლის ხელფასისთვის შარშან 9,503 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაშინ, როდესაც ყოველი მოსამართლის ხელფასი განსაზღვრულია კანონით და მაქსიმალური – 4200 ლარი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ერგება. 1 414 340 ლარი შარშან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც შეხვდათ. უზენაეს სასამართლოში 19 მოსამართლე მუშაობს. გასული წლის ზფხულისთვის ამ მოსამართლებს მხოლოდ 7 გამამართლებელი განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი.

საერთო სასამართლოების თავმჯდომარის, დიმიტრი გეგელიას ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც მან “ბათუმელებს” გამოუგზავნა, წერია, რომ მოსამართლეების ხელფასისთვის სახელმწიფომ გასულ წელს 9 503 488 ლარი დახარჯა. უხეში არითმეტიკული გათვლებით გამოდის, რომ თითოეული მოსამართლე ყოველთვიურად 4 888 ლარს იღებს ხელფასის სახით. “ბათუმელები” გასულ კვირას სწორედ იმას არკვევდა, ეს 9 503 488 ლარი 162 მოსამართლეზე მართლა თანაბრად გადანაწილდა, თუ სხვა პრინციპით გაიცა ხელფასები?

საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ პირდაპირ განსაზღვრავს, რომელმა მოსამართლემ რამდენი ხელფასი უნდა მიიღოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული დოკუმენტებისა და კანონის გაცნობის შედეგად ვიგებთ, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 2 500 ლარია. საქართველოში სულ 41 საქალაქო და რაიონული სასამართლოა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის მიხედვით, ამ დროისთვის 15 სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მართავს, სამს – თბილისის, ბათუმისა და ხაშურის სასამართლოებს – დანიშნული თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენ სასამართლოებში თავმჯდომარე საერთოდ არ ჰყავთ.

იმ შემთხვევაში, თუ 41-ვე სასამართლოს ეყოლებოდა თავმჯდომარე, მათ ხელფასში სახელმწიფოს უნდა დაეხარჯა 1 230 000 ლარი, მაგრამ, რადგან მხოლოდ 18 სასამართლოში მუშაობს თავმჯდომარე, დახარჯული თანხა უნდა იყოს 540 000 ლარი.

საქართველოში არსებობს ორი სააპელაციო სასამართლო – თბილისსა და ქუთაისში. თბილისში თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძეა, ქუთაისში – მალხაზ გურული. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეების ხელფასი – 4 200 ლარია. ამ თავმჯდომარეებს, წესით, უნდა ჰყავდეთ თითო მოადგილე, მაგრამ ვალერი ცერცვაძე მოადგილის გარეშე მუშაობს, მალხაზ გურულს კი ჰყავს მოადგილე. სასამართლოების ვებ-გვერდზე განთავსებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანამხმად, სააპელაციო სასამართლოებში პალატის (კოლეგიის) სულ 4 თავმჯდომარე მუშაობს და თითოეულის ხელფასი 2 900 ლარია.

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში 48 რიგითი მოსამართლე ჰყავთ. მათი ხელფასისთვის წელიწადში 1 440 000 ლარი უნდა იხარჯებოდეს. განსხვავებული სახელფასო ტარიფით სარგებლობენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეებიც – სულ 3 მოსამართლე.

დადგენილი ტარიფითა და თანამდებობებზე დასაქმებული მოსამართლეების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ (76 მოსამართლე), სახელმწიფოს მათ ხელფასებში 2011 წელს 2 346 000 ლარი უნდა ჰქონდეს დახარჯული. თანამდებობის პირების გარდა, რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში 86 რიგითი მოსამართლე მუშაობს. კანონის თანახმად, შარშან ამ მოსამართლეების ხელფასის გასაცემად სახელმწიფოს 2 373 600 ლარი უნდა დაეხარჯა. მოსამართლეებისთვის გაღებულ ხარჯებს თუ შევკრებთ, აღმოჩნდება, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის შარშან სულ 4 899 600 ლარი უნდა დაეხარჯათ. დიმიტრი გეგელიას მოწოდებული ციფრი კი თითქმის ორჯერ მეტია – 9 503 488 ლარი.

რის საფუძველზე მისცეს დანარჩენი თანხა მოსამართლეებს? – ამ საკითხის დაზუსტება “ბათუმელებმა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ელექტრონულ ფორმატში სთხოვა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან გვაცნობეს, რომ შეკითხვებზე პასუხს შემდეგ კვირას მივიღებთ. მანამდე კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსამართლეებს ყოველთვიურად ხელფასის ოდენობის პრემიასაც აძლევდნენ. თუმცა “ბათუმელების” მიერ შესწავლილი კონკრეტული  მოსამართლეების ქონებრივი დეკლარაციები ცხადყოფს, რომ მათ 2011 წელს ხელფასის ოდენობის პრემია ნამდვილად არ აქვთ მიღებული.

სწორედ ამის დასტურია ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თემურ გოგოხიას შარშან შევსებული ქონებრივი დეკლარაცია. თემურ გოგოხიას თავის ფინანსურ დეკლარაციაში უწერია, რომ მან სამუშაოს შესრულებისთვის გასულ წელს, მთლიანობაში, 44 700 ლარი მიიღო. მოსამართლეების შრომითი ანაზღაურების შესახებ კანონის თანახმად, თემურ გოგოხიას ერთი თვის ხელფასი 2500, წელიწადში კი 30 000 ლარია. ანუ თემურ გოგოხიას ხელფასის ოდენობის ყოველთვიური პრემია რომ მიეღო, მისი შემოსავალი წელიწადში უნდა ყოფილიყო არა 44 700, არამედ 60 ათასი ლარი.

იგივე ითქმის თამარ ბეჟანიშვილზეც, ბათუმის სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეზე. ბეჟანიშვილის ხელფასი თვეში 2300 ლარია, 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კი, მან შემოსავლის სახით 36 ათასი ლარი მიიღო. შესაბამისად, ხელფასის ოდენობის პრემია არც მას მიუღია.

ხელფასის ოდენობის პრემია არც საერთო სასამართლოების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს მიღებული. ვალერი ცერცვაძე თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ მისი წლიური შემოსავალი შარშან 84 880 ლარი იყო (აქედან სახელფასო 50 400 ლარია). შესაბამისად, ვალერი ცერცვაძისთვის ხელფასის ოდენობის პრემია რომ მიეცათ, მისი წლიურად შემოსავალი იქნებოდა არა 84 880, არამედ – 100 800 ლარი.

ამ სამი მოსამართლის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ყოველთვიურად მოსამართლეებს ხელფასის ოდენობის პრემიას არ უხდიან. შესაბამისად, უფრო ბუნდოვანი ხდება, რა პრინციპით და რამდენად კანონიერად დაიხარჯა შარშან მოსამართლეების ხელფასისთვის 9 503 488 ლარი. გარდა ამისა, საერთო სასამართლოებში მოსამართლის 81 შტატზე ვაკანსიაა, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიაჩნიათ, რომ: “მოსამართლეთა არსებული რაოდენობა ამ ეტაპისთვის არ წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას”. “ბათუმელები” მოგვიანებით შეეცდება გაარკვიოს, დაიხარჯა, თუ ბიუჯეტს დაუბრუნდა ის თანხა, რომელიც წესით 81 ვაკანტურ შტატზე შარშან ბიუჯეტიდან გამოიყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გასულ კვირას “ბათუმელებს” აცნობეს, რომ მოსამართლეების ხელფასებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას აუცილებლად უპასუხებენ (იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებულ ინფორმაციას “ბათუმელები” შემდეგ ნომრებში გამოაქვეყნებს). მანამდე კი სასამართლოებში პრემიების გაცემის პრინციპის განმარტება ვთხოვეთ ირაკლი შავაძეს, იურისტს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავად იყო მოსამართლე და ყველა იმ სიკეთით სარგებლობდა, რასაც კანონი მოსამართლეებისთვის ითვალისწინებს.

ირაკლი შავაძე: “ხელფასის ოდენობის დანამატს დღესასწაულებზე გვაძლევდნენ, ეს წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ ხდებოდა… სიმართლე გითხართ, ძალიანაც მსიამოვნებდა პრემიის მიღება, მაგრამ სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენი რომ არ გამოაქვთ, მარტო მაღალი ხელფასის “ბრალი” არ არის, ეს უფრო იმის ბრალია, რომ რეალურად სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, მოსამართლეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ქვეყანაში არის შეუცვლელობის სინდრომი, არჩევნების გზით წასვლა არც ერთ ხელისუფალს არ უნდა. მოსამართლემ იცის ეს ყველაფერი და ისიც იცის, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, მას გვერდში არავინ დაუდგება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსამართლეების შერჩევის პრინციპი. მაგალითად, ჩემთან ერთად დანიშნული თითქმის ყველა მოსამართლე რეზერვში გადაიყვანეს – ამჟამად მოსამართლეების 90 პროცენტი ყოფილი პროკურორები არიან. პროკურორები კი, როგორც წესი, დაქვემდებარებაში მუშაობას არიან მიჩვეულები. ამ ჯგუფისთვის განცდა – მე მოსამართლე, ანუ მართლმსაჯულების განმხორციელებელი ვარ, არაფერს ნიშნავს”.

2011 წელს საქართველოს მოქალაქეებმა, 162 მოსამართლის შესანახად, მხოლოდ ხელფასებში 10 მილიონამდე ლარი დახარჯეს. ამათ გარდა, საქართველოში კიდევ 19 მოსამართლე არსებობს – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც კიდევ უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობენ, ვიდრე საერთო სასამართლოების მოსამართლეები. უმთავრესი პრივილეგია კი ის არის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

უზენაეს სასამართლოში დასაქმებული 19 მოსამართლის ხელფასზე შარშან 1 414 340 ლარი დაიხარჯა. თავმჯდომარის, ანუ კოტე კუბლაშვილის ხელფასი -5 650 ლარია. მისი პირველი მოადგილის, ზაზა მეიშვილის ხელფასი – 5 100 ლარი. თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს – აჭარის ყოფილი პროკურორი, გია როინიშვილი და გენპროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი მიხეილ ჩინჩალაძე. ეს მოადგილეები ყოველთვიურად 4 800 ლარს იღებენ.

კანონი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს რიგითი მოსამართლეების ხელფასსაც – თვეში 4 400 ლარი. შესაბამისად, შარშან უზენაესი სასამართლოს 15 მოსამართლის შენახვა ბიუჯეტს 792 200 ლარი დაუჯდა. მიმატება-გამოკლების პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, უზენაესი სასამართლოს შემთხვევაშიც ბუნდოვანია, რატომ დაიხარჯა კანონით განსაზღვრულზე თითქმის 400 ათასი ლარით მეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის. “ბათუმელებმა” ამ საკითხის გასარკვევად უზენაესი სასამართლოს პრესცენტრს მიმართა. პრესსამსახურის ინფორმაციით, “აქ იგულისხმება არა მხოლოდ სარგო, არამედ ის დანამატიც, რომელიც პლენუმის დადგენილების შესაბამისად ეძლევა მოსამართლეს ყოველწლიურად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი