ახალი ამბები

საია სააკაშვილის გამოხმაურებაზე: მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებებისას

3 აგვისტო, 2016 • 1391
საია სააკაშვილის გამოხმაურებაზე: მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებებისას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მათთვის მიუღებელია “საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის და მასზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მარგინალიზაციის მცდელობა”. საია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად.

31 ივლისს ქ. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის  მოქალაქეა, ვიდეო მიმართვის მეშვეობით ჩაერთო ღონისძიებაში.

საიამ სააკაშვილის ჩართვა შეაფასა, როგორც “წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტი” და ამასთან დაკავშირებით, 1 აგვისტოს განცხადებით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას. ორგანიზაციამ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა და დამრღვევი პირის მიმართ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა, რაც პასუხისმგებლობის სახით 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მას „ჩამოერთვა“ საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ვერ ჩათვლის მას დაკარგულად, რადგან საკუთარი ნებით არ დაუთმია.

საიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია: საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. “მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა”, – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

“ახალგაზრდა იურისტები” განმარტავენ, რომ სააკაშილის და ივანიშვილის საქმეებს შორის სხვაობა არსებობს. ისინი იხსენებენ, რომ 2012 წლის ივნისში საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიგარდამავალ დებულებებში განისაზღვრა, რომ  2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან მიეცა პირს, რომელიც დაბადებული იყო და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და  ჰქონდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

შესაბამისად, 2012 წელს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში კანონდარღვევას არ წარმოადგენდა”, – ამბობენ საიაში. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინა კი ევროკავშირის წევრი არ არის.

სააკაშვილის შემთხვევაში კი, საიას განმარტებით, წინასაარჩევნო აგიატაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას.

ყოფილი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს სცემს, აქვსიმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე აანალიზოს” მისი გამოსვლები და მიმართვები.

საიას შეფასებით, “კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისი მხარდამჭერებისა და ზოგადად – საზოგადოების მისამართით. შესაბამისად ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი