ახალი ამბები

ახალი ინიციატივები განათლების სისტემაში

20 მარტი, 2012 • 1591
ახალი ინიციატივები განათლების სისტემაში

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი რეფორმა, ცენტრალიზებული საატესტატო გამოცდები მეცხრე კლასში და საერთაშორისო ბაკალავრიატი – ამ საკითხებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე მუშაობენ.

4-ის ნაცვლად, მხოლოდ 1 ან 2 ეროვნული გამოცდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საუბარში აღიარა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა დასახვეწია. ამიტომ, დიმიტრი შაშკინის თქმით, მთავრობა საქართველოში გამოცდების ახალი, ამერიკული სისტემის დანერგვაზე მუშაობს.

ახალი სისტემით, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 8 საატესტატო და 4 ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უწევთ, 8 საატესტატო და მხოლოდ 1 ან 2 ეროვნულ გამოცდას ჩააბარებენ.

„ჩვენი ქსპერტები მსჯელობენ იმაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის როგორ გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული და, ამავდროულად, არ დავაზარაოლოთ ჩვენი მთავარი ამოცანა – ცოდნის მიღება,“ – განაცხადა მინისტრმა.

მკვლევარები და ექსპერტები განათლების საკითხებში ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს მნიშვნელობას სწორედ საატესტატო გამოცდები შეიძენს.

შალვა ტაბატაძე, “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ინტეგრირების იდეა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გახორციელებულიყო.

„მისაღები გამოცდების მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე– დაფუძნება არაეფექტური აღმოჩნდა, გაცილებით უპრიანია, თუ რამდენიმე კომპონენტი ჩაერთვება მასში,“ – ამბობს ტაბატაძე.

ექპერტი განათლების საკითხებში მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი კომპონენტი მისაღები გამოცდების დროს სასკოლო ნიშნებიც უნდა გახდეს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სკოლაში კორუფციის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული მექანიზმებიც უნდა მოქმედებდეს.
„იგივე ამერიკულ მოდელში სხვადასხვა დამატებითი კრიტერიუმებია მისაღები გამოცდების დროს, მაგალითად, უნივერსიტეტებს თავიანთი საკუთარი კრიტერიუმები აქვთ,  გასაუბრება, სააპლიკაციო ფორმა და ა.შ.“ – ამბობს ტაბტაძე.
ინტეგრირებული გამოცდების სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს გიორგი გახელაძეც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

გახელაძე მიიჩნევს, რომ მისაღები გამოცდების ის სისტემა, როგორი სახითაც დღეს საქართველოში არსებობს, საბოლოოდ არ აღმოჩნდა მოსწავლეთა განათლების ხარისხის შედეგების რეალური საზომი.

„გარდა ამისა, ნაკლები მისაღები გამოცდის ჩაბარებით, გიორგი გახელაძის განმარტებით, ნაკლებ რესურსს დახარჯავს სახელმწიფოც და აბიტურიენტიც, ვინაიდან დამატებით რეპეტირორებთან მომზადება საჭირო აღარ იქნება,“ – ამბობს გიორგი გახელაძე.

კონკრეტულ ვადებზე, როდიდან დაინერგება გამოცდების ახალი სისტემა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ.

ცენტრალიზებული საატესტატო გამოცდები მეცხრე კლასში

„რამდენიმე სკოლა ტესტურ რეჟიმში უკვე ამოწმებს მეცხრე კლასში საატესტატო გამოცდებს. 2014-2015 წლისთვის არ გამოვრციხავ, ცენტრალიზებული მე-9 კლასის გამოცდები უკვე ყველა სკოლაში დაინერგოს. იქამდე კი ბავშვებს 2-3 წელს მივცემთ იმისთვის, რომ მოემზადონ ამ გამოცდებისთვის. ამ ინიციატივაზეც ექსპერტები უკვე მუშაობენ და ჩემი ვარაუდით, ამ ზაფხულში გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებთ,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე.

გამართლებულს უწოდებს მე-9 კლასში საატესტატო გამოცდებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გახელაძე და მიიჩნევს, რომ უმჯობესია მე-9 კლასშივე ჩატარდეს ასეთი გამოცდები, ვიდრე  მე-12-ში.

თუმცა განათლების მკვლევართა ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევებში სკოლის მიტოვების რისკები გაიზრდება.

„სკოლის ადრეულ ეტაპზე მიტოვების პრაქტიკა განათლების დღევანდელმა სისტემამ ამის ფაქტორის გარეშეც დანერგა, როდესაც მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების გამო სკოლის დირექტორების გათავისუფლება დაიწყო. ამ პრაქტიკამ კი სკოლის დირექტორებს უბიძგა, დაიყოლიონ მშობლები და დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეები საერთოდ გაიყვანონ სკოლებიდან,“ – აღნიშნავს გიორგი გახელაძე.

საერთაშოროსო ბაკალავრიატი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებითვე, სამ წელიწადში „საერთაშორისო ბაკალავრიატის“ (IB) წინასაუნივერსიტეტო ორწლიანი პროგრამა დაინერგება, რომლის გავლის შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტის კარი ავტომატურად გაიღება საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის.
„ამ პროგრამის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეები გათავისუფლდებიან საატესტატო გამოცდებიდან, ვინაიდან თითქმის ყოველთვე გაცილებით მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ,“ – განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი