ახალი ამბებიტექნოლოგიები

ინსტაგრამის ახალი ფუნქცია: ფოტოები და ვიდეოები 24-საათიანი ლიმიტით

3 აგვისტო, 2016 • 2416
ინსტაგრამის ახალი ფუნქცია: ფოტოები და ვიდეოები 24-საათიანი ლიმიტით

ინსტაგრამის მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ, გამოაქვეყნონ ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც მხოლოდ 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. მსგავსი ფუნქცია ინსტაგრამის კონკურენტ სოციალურ ქსელ სნეპჩეტსაც აქვს.

სნეპჩეტს, რომელიც 2011 გაჩნდა, ის ადამიანები იყენებენ, ვისთვისაც კონფიდენციალურობაა მნიშვნელოვანი, — უმეტესად თინეიჯერები. სნეფჩეტში ტექსტური შეტყობინებები მაშინვე უჩინარდება, როგორც კი ადრესატი წაიკითხავს, ე.წ. პოსტები კი 24 საათში ქრება.

ახალი ფუნქცია, — “ინსტაგრამის ამბები” (Instagram Stories) ამჟამად მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მხოლოდ რამდენიმე კვირაში გამოჩნდება ეფლის აიფონებსა და “ალფაბეტის” (გუგლის შვილობილი კომპანიის) სმარტფონებში.

როგორც ფეისბუკის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, წერს, ხალხი ახლა გაცილებით მეტ ვიდეოს იღებს და აზიარებს. “ამიტომაც, ჩვენ ეს პროცესი უფრო გავამარტივეთ”, — წერს ცუკერბერგი.

როიტერსის ცნობით, ინსტაგრამის ახალი ფუნქცია ამწვავებს კონკურენციას ფეისბუკსა და სნეპჩეტს შორის. ფეისბუკმა ინსტაგრამი 2012 წელს 1 მილიარდ დოლარად იყიდა. მარკ ცუკერბერგის კორპორაციას სნეპჩეტის ყიდვაც სურდა და ამისათვის 3 მილიარდ დოლარს იხდიდა, თუმცა სნეპჩეტმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

სნეპჩეტმა სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ტვიტერს ყოველდღიური მომხმარებლების მაჩვენებლით გადაუსწრო და ამჟამად მისი საბაზრო ფასი, როიტერსის ცნობით, დაახლოებით $18 მლრდ-ია. ივლისში ამ სოციალურ ქსელს ახალი ფუნქცია დაემატა — “მოგონებები”, რომელიც მომხმარებლებს აძლევს უფლებას, შეინახონ და მომავალში გააზიარონ კონტენტი ისე, როგორც ეს ფეისბუქზეა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი