ახალი ამბები

ბესელია და ვოლსკი ენმ-ს “საკონსტიტუციო რევოლუციის” მცდელობაში ადანაშაულებენ

3 აგვისტო, 2016 • 2019
ბესელია და ვოლსკი ენმ-ს “საკონსტიტუციო რევოლუციის” მცდელობაში ადანაშაულებენ

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის წევრები გია ვოლსკი და ეკა ბესელია აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში “საკონსტიტუციო გადატრიალების” გეგმის განხორციელებას ცდილობდა. ამის შესახებ მათ დღეს, 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა მანამ არ აღდგება, სანამ არ გამოიძიებენ, თუ ვინ მოქმედებდა უკანონოდ სასამართლოში:

“საკონსტიტუციო სასამართლოში უკიდურესად მძიმე და შემაშფოთებელი ვითარებაა. ვიდრე გამოძიებით არ დადგინდება ვინ არღვევდა კანონს სასამართლოში და უკანონობას ვინ ახორციელებდა, სასამართლოს ნდობისა და მიუკერძოებლობის აღდგენა შეუძლებელი იქნება. ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას,” – ამბობს ბესელია.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები იცვლებოდა:

“როგორც ჩანს, სარჩელის შემტანსა და სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეეებს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობდა , რომ შეცვლილი სარჩელით, დამატებით გასაჩივრებული მუხლებით მომხდარიყო იმ ნორმების გაუქმება, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას. ერთ შემთხვევაში სარჩელი ათი გვერდით არის შეცვლილი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული. ეს არის რუსთავი 2-ის საქმე, კაბელების საქმე, რაზეც მოსამართლე ტურავამ ისაუბრა. ამას გამოძიება სჭირდება,”- აღნიშნავს ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმა ჩაუვარდა, რადგან კონკრეტულმა მოსამართლეებმა მისი განცხადებით, ამ პარტიის გავლენას და ზეწოლას თავი დააღწიეს:

“შესაძლებელია, რომ ამ მოსამართლეებმა და იმ ოთხმა მოსამართლემ, რომლებიც სექტემბერში დაემატებიან საკონსტიტუციო სასამართლოს, მას [სასამართლოს] დაუბრუნოს ნორმალური სამუშაო გარემო, სანდოობა, იმიჯი და დამოუკიდებლობის სრული გარანტია.”

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, გია ვოლსკის მტკიცებით,  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და რამდენიმე მოსამართლეს, ნაციონალურ მოძრაობასთან, მათ წარმოამდგენლებთან და ნიკა გვარამიასთან მჭიდრო სამსახურეობრივი ურთიერთობები აკავშირებთ:

“20 ივლისს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საარჩევნო კოდექსის დიდი ნაწილი არ გაუქმდება, ამას შემოტევის ახალი ტალღა მოჰყვა. ჩვენ არ ველოდებით, რომ შემოტევები დასრულდა. ვფიქრობთ, რომ ბრძოლა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში არის სარჩელები შესული, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის და სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელოვანი ნაწილების გაუქმებას აპირებენ. ამან შეიძლება გავლენა არათუ ჩვენ ყოველდღიურ სამართლებრივ მდგომარეობაზე იმოქმედოს, არამედ საერთოდ სახელმწიფოს მდგომარეობაზე,” – ამბობს ვოლსკი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, გაუმართლებელია ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება იმაში, რასაც თავად აკეთებს ქართული ოცნება:

„საკონსტიტუციო რევოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება, უტიფარი ბრალდებაა. ყველასთვის ნათელია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ  მოსამართლეებზე განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მოსამართლეებმა მოითხოვეს  საქმეების განხილვის უფლება პროკურატურას გადასცემოდა. ამით პრაქტიკულად ქმედუუნაროდ გამოაცხადეს საკუთარი თავი. ეს შედეგი იყო იმ თავდასხმისა, რომელიც სასამართლოზე განხორციელდა და  რომლითაც მიიღეს კანონში ცვლილებები. არადა გვახსოვს თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებზე და საპროტესტო აქციების გამართვა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. გვახსოვს მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლა, რომელიც ასევე გამოუძიებელია,” – ამბობს კახიძე.

20 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფის წესი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გარდა, ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი