ახალი ამბები

უსუფაშვილი კვირიკაშვილს: დავმშვიდდი, მაგრამ აზრი არ შემიცვლია

2 აგვისტო, 2016 • 1588
უსუფაშვილი კვირიკაშვილს: დავმშვიდდი, მაგრამ აზრი არ შემიცვლია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი მზადაა ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერთან, ნებისმიერ თემაზე დებატებისთვის:

“გუშინ მე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ვუწოდე “არასწორი”, დღეს მან შეაფასა როგორც “არაადეკვატური”, ასე რომ, ერთი-ერთში ვართ… მე და გიორგი ორივე ქიზიყელები ვართ, ორივე ფიცხები და ორივემ კარგად ვიცით ერთმანეთის ხასიათი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რომ მთელ რიგ საკითხებში ჩვენ გვქონდეს განსხვავებული პოზიციები, ვიკამათოთ კიდეც, საინტერესოდ ვიკამათოთ, მაგარამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენს თანამშრომლობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის, რაიმე პრობლემის მსგავსი შეექმნება. ჩვენ ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ და წარმატებისკენ”,- განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ლევან იზორია თავდაცვის მინისტრად პირველ აგვისტოს დაინიშნა,  რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, შს მინისტრის მოადგილე იყო. თინა ხიდაშელი მისი შემცვლელის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემირ მინისტრმა შეცდომა დაუშვა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დანიშნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. კვირიკაშვილის გადაწყვეტილება როგორც “არასწორ ნაბიჯი” შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის შეფასებას, რომ უსუფაშვილის და ხიდაშელის კომენტარები თავდაცვის მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით არაადეკვატურია და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ემოციებს დაძლევენ ისინი აზრს შეიცვლიან:

“რაც შეეხება ჩემს სიმშვიდეს, ძალიან მშვიდი დილა მქონდა, შემდეგ პატრიარქს ვესტუმრე, მივულოცე ანგელოზის ხსენების დღე, ვისაუბრეთ და კიდევ უფრო დავმშვიდდი. მაგრამ, მინდა განვაცხადო, რომ აზრი არ შემიცვლია”- ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  „რესპუბლიკური პარტია“ და პარტია „ქართული ოცნება“ ერთიანი პოლიტიკური გუნდი აღარაა, ამიტომ საჯაროდ ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებას გასაკვირი არაა.

“სამწელიწადნახევარი ყველა ვერიდებოდით ამას. ეს დრო ამოიწურა. ამიერიდან მზად უნდა ვიყოთ ყველა, რომ ჩვენ გვექნება განსხვავებული პოზიციები. ამის ძებნას ჩვენ სპეციალურად არ დავიწყებთ, მაგრამ როცა გვექნება, ვიტყვით.დიახ, საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვართ კონკურენტულ რეჟიმში ერთმანეთთან, ერთმანეთი გვყავს ამოღებული სამიზნეში. […] კომენტარების კომენტარებს ნამდვილად ჯობია, გადავიდეთ დებატების რეჟიმში. ამიტომ, პირადად მე, ვაცხადებ, მზაობას ამ კვირის ბოლოდან, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერთან, ნებისმიერ თემაზე დებატებისთვის.
მოდი იქ გავარკვიოთ ყველაფერი”,- ამბობს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი