ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელების და უგულავას საქმეების განხილვა შესაძლოა გადაიდოს

2 აგვისტო, 2016 • 1343
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელების და უგულავას საქმეების განხილვა შესაძლოა გადაიდოს

დღეს, 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში, ბათუმში ე.წ. კაბელების და გიგი უგულავას საქმეების განხილვა იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესის დაწყება ამ დრომდე (13:20 საათი) ვერ ხერხდება, რადგან მოსამართლეთა უმეტესობა სხდომაზე არ გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ სხდომის გასამართად მინიმუმ 6 მოსამართლის დასწრებაა აუცილებელი, თუმცა არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენი მოსამართლე იმყოფება ახლა დარბაზში. როგორც სასამართლოში ნეტგაზეთს განუმარტეს, პროცესის დაგვიანება არ არის განსაკუთრებული შემთხვევა.

“ჯერ არ დაწყებულა სხდომა. ველოდებით, არ ვიცით ზუსტად. ასე ხდება ხოლმე, ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ამ დროისთვის არ ვიცი, რამდენი მოსამართლეა სასამართლოში, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ, ის რაოდენობა არ არის, რომ სხდომა გაიმართოს,” – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესამსახური.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფება მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. დამატებითი კომენტარისგან მან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კოლეგებთან არ უსაუბრია და არ იცის, რამდენი მოსამართლე შეიკრიბა.

საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე თბილისში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი