ახალი ამბები

ევა გოცირიძის პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე

1 აგვისტო, 2016 • 1652
ევა გოცირიძის პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში, არასამთავრობო ორგანიზაციების განცადებას გამოეხმაურა:

“მათ რომ სწორი, სამართლიანი თუ არა ნახევრად სამართლიანი შეფასება მაინც განეხორციელებინათ, მე შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი პირველ-მეორე ადგილზე. ყველა კანდიდატურას ვცემ ძალიან დიდი პატივს, მათ შორის ქალბატონ ანას. არავის წინააღმდეგი მე არ ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა პროფესიული გამოცდილება, უშუალოდ ადამიანის უფლებათა სფეროში ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო აწონილი და გაზომილი. მე ვფიქრობ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ეს და იმიტომ მომანიჭა უპირატესობა სხვასთან შედარებით,” – ამბობს გოცირიძე ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა  შევიდა, რამაც არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება გმაოიწვია.

ევა გოცირიძის არჩევას გამოეხმაურა “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის”, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება:

“აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე 2013 წლიდან დღემდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. სამოქალაქო საზოგადოების ღია პროტესტის მიუხედავად, მან 2015 წლის 25 დეკემბერს, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოშიარჩევას.  მისი განმარტებით, მთავარი არგუმენტი მურუსიძის სასარგებლოდ, მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა იყო. ამ საკითხზე მისი და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის ეჭვები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დანიშვნისას არ ხელმძღვანელობდა კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით,  არამედ გადაწყვეტილება მიიღებოდა საბჭოს წევრებს შორის გარკვეული ფარული გარიგებების საფუძველზე.

ასევე, ევა გოცირიძე, მწვავე განცხადებებს აკეთებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებზე და ამ ჭრილში მას მიაჩნდა, რომ მართლმსაჯულების დასაცავად, შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მისი აზრით, არ შეიძლება სასამართლოშიც და მედიაშიცთავისუფლება ვულგარულად ესმოდეთ. მას მიაჩნდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოსამართლის მიერ დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასება და ამის გათვალისწინებით, ტელევიზიის მენეჯმენტის ცვლილების დასაბუთება არ წარმოადგენდა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან,  გამოხატვის თავისუფლებაზე მისი განცხადებები, რუსთავი 2-ის საქმის კონტექსტში, კრიტიკულად იქნა შეფასებული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის კოალიციის შეფასებით, “სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები, რაც აჩენს განცდას, რომ საჯარო კონკურსის მთლიანი პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა”. კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული  არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“  რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება. ამასთან, არჩეული კანდიდატები მათი პროფესიული კვალიფიციურობის გარდა, ასევე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მატარებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი