ახალი ამბები

საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები რუსული სპეცსამსახურების ხელში?

1 აგვისტო, 2016 • 4122
საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები რუსული სპეცსამსახურების ხელში?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და ამ ინფორმაციაზე კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცველებმა დიდი ხანია იციან, თუმცა დაიწყო თუ არა ამის შესახებ პროკურატურამ გამოძიება, ჯერ უცნობია.

ნეტგაზეთმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში არაერთხელ სცადა ამის გადამოწმება, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამის შესახებ კალანდაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოსტსკრიპტუმთან ისაუბრა.

როგორც კალანდაძე აცხადებს, საუბარია, იმ საცეცხლე წერტილებზე და ცენტრალური მართვის შტაბზე, რომელსაც რუსული აგრესიის შემთხვევაში, საქართველო მტრისაგან უნდა დაეცვა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გასაიდუმლოებული ობიექტების და მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღჭურვა, ასობით მილიონი ლარი დაჯდა, მაგრამ ირკვევა, რომ მას ფასი თითქმის აღარ აქვს, რადგან მიწისქვეშ გაშენებული თავდაცვის მთელი სისტემა უკვე გაშიფრულია.

ტრისტან წითელაშვილი, რომელზეც გენერალური კალანდაძე საუბრობს, ყოფილი სამხედროა. პოლკოვნიკი წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ახალი ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, მან ციხე დატოვა.

გიგი კალანდაძის მტკიცებით წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.

როგორც გენერალი რუსთავი 2-ს უყვება, საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. მისი თქმით, გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. კალანდაძის ინფორმაცით, სამხედროებმა მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

ნეტგაზეთმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან, მინდია ჯანელიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათმა პრესამსახურმა განგვიცხადა, ჯანელიძემ ამ საკითხზე კომენტარი უკვე გააკეთა IPN-თან და შეგვიძლია ამას დავეყრდნოთ.

მინდია ჯანელიძემ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ თავდაცვის მინისტრად მისი მუშაობის პერიოდში არ დაფიქსირებულა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საიდუმლო ობიექტზე გარეშე პირთა უკანონოდ შეღწევის არც ერთი შემთხვევა, ხოლო სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არც ერთი გადაცდომა თუ დარღვევა არ დარჩენილა სათანადო რეაგირების გარეშე.

“რუსთავი 2-ის და მის უკან მდგომი ძალების მხრიდან ხდება ამ თემის ხელოვნური პოლიტიზირება, რაც მიზნად ისახავს პირადად მისი, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს და ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,” – განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

ხიდაშელის თქმით, მან არაფერი იცის ამ საქმის შესახებ, გარდა იმისა, რაც გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გაჟღერდა:

“მე არ ვიცი ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა (გოდერძი ორმოცაძე) თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა სამსახურებრივი ან ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, საერთოდ არ მაინტერესებს იმ პირის სახელი და გვარი.”

თინა ხიდაშელმა გოდერძი ორმოცაძე თავდაცვის სამინისტროში მისვლისთანავე გაათავისუფლა, როგორც კი ამ ფაქტის შესახებ გაიგო. როგორც ხიდაშელი აცხადებს, მან არ იცის, რა ინფორმაციას ფლობდა მისი წინამორბედი მინისტრი მინდია ჯანელიძე. თუმცა, თავად გოდერძი ორმოცაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ მას ჯანელიძის დავალება ჰქოდა.

“ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე ძალიან დიდი ხანია იციან,” – განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული გოდერძი ორმოცაძე დელტაში, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ იქ ბევრი უცნაური რამ ხდება. მისი თქმით, დელტა იყო ერთადერთი ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც მისთვის დიდწილად ხელშეუხებელი აღმოჩნდა. ხიდაშელის განცხადებით, დელტაში ძალიან ბევრი უცნაური ამბები ხდება და თავდაცვის სამინისტროში ეს არ არის ერთადერთი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ში 31 ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელიც საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და ამის რუსული სპეცსამსახურებისთვის გადაცემას ეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი