ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო იკვლევს გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას თანამშრომლებმა

1 აგვისტო, 2016 • 4705
სასჯელაღსრულების სამინისტრო იკვლევს გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას თანამშრომლებმა

სასჯელაღსრულების სამინისტრო მოქალაქის განცხადების საფუძველზე იკვლევს გადაამეტეს, თუ არა უწყების თანამშრომლებმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

მოქალაქე გიორგი ლიუბარეცი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა მასთან ურთიერთობისას სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს.  შემთხვევა 30 ივლისს ვარკეთილში მოხდა.

ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

“ფეისბუკზე” გამოქეყნებულ პოსტში გიორგი ლიუბარეცი წერს, რომ ორმა ნასვამმა პირმა გამოკითხა. მისი მტკიცებით, მათგან ერთი ამბობდა, რომ პოლკოვნიკია, ხოლო მეორე გენინსპექციის თანამშრომლად გაეცნო. ლიუბარეცი “შკოდის” მარკის ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს, სახელმწიფო ნომრით GGS – 011 და აცხადებს, რომ ნასვამი პირები ამ ავტომობილით სარგებლობდნენ.


“სასჯელაღსრულების სამინისტროში დავწერე განცხადება. დამპირდნენ, რომ გამოიძიებენ. საშვიდან გამომდინარე მანქანა ნამდვილად სასჯელაღსრულებას ეკუთვნის, მაგრამ  ჯერჯერობით არ ვიცი თვითონ ის პირები სად მუშაობენ,” – ამბობს გიორგი ლიუბარეცი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სასჯელაღსრულების სამინსიტროს პიარ-მენეჯერი ბაია ცანავა განმარტავს, რომ ჯერჯერობით უცნობია ნამდვილად სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს ეკუთვნით, თუ არა ავტომობილი. ცანავას განცხადებით, საქმეზე მოკვლევას სამინისტროს გენინსპექცია აწარმოებს:

“ეს პოსტი რომ ვნახეთ, გიორგი ლიუბარეცs დავუკავშირდით და მოკვლევა დავიწყეთ.  ჩემი ინფორმაციით, ის  უკვე გამოიკითხა. მან არც კი იცოდა რომელი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ. რახან ჩვენ დავუკავშირდით, შეიძლება იფიქრა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები არიან,” – ამბობს ცანავა.

“სითი პარკის” მონაცემების თანახმად, 2015 წლის მაისში სახელმწიფო ნომრით GGS – 011 “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილი სარგებლობდა. საიტზე განთავსებული ფოტოების მიხედვით, ამ ავტომობილს სასჯელაღსრულების სამინსიტროს საშვი ჰქონდა.

GGS - 011

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი