ახალი ამბები

პრემიერმა თავდაცვის და შერიგების ახალი მინისტრები წარადგინა

1 აგვისტო, 2016 • 1620
პრემიერმა თავდაცვის და შერიგების ახალი მინისტრები წარადგინა

საქართველოს პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს თავდაცვის და შერიგების ახალი მინისტრები წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს ლევან იზორია, რომელიც ამ დრომდე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ. მანამდე იყო შს მინისტრის მოადგილე.

შერიგების მინისტრის პოსტს დაიკავებს ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც მანამდე ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამინისტრო სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას გააგრძელებს:

“ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა   კონფლიქტების მდგრადი მოგვარების და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ საქმეზე და თან არის ძალიან პრინციპული. ამ პოლიტიკით ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში”.

ლევან იზორიას  თქმით, თავდაცვის სამინსიტრო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას  და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გააგრძელებს:

“მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მომიწევს მუშაობა სამშობლოსთვის თავდადებულ ოფიცრებთან, სამხედროებთან, რომლებსაც ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ. ალბათ, ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნდობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ბატონო პრემიერო”-განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან თინა ხიდაშელის, ხოლო შერიგების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან პაატა ზაქარეიშვილი გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის წევრებიც არიან აღნიშნული პირები, განაცხადა, რომ ის დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ხიდაშელსა და ზაქარეიშვილს გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით უფლებამოსილების ვადა დღეს, 1 აგვისტოს ამოეწურათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი