ახალი ამბები

საკონსტიტუციოს 3 მოსამართლე: “კაბელების საქმის” რეგისტრაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა

1 აგვისტო, 2016 • 2116
საკონსტიტუციოს 3 მოსამართლე: “კაბელების საქმის” რეგისტრაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმის სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის და მოსამართლე მერაბ ტურავას განცხადებებს ეხმაურება. მოსამართლეების თქმით, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია “კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით” განხორციელდა.

მოსამართლეების – ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის განცხადებით, გამწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, მოსამართლე მერაბ ტურავას განემარტა სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მისთვის საინტერესო ყველა სამართლებრივი საკითხი. “მიღებული განმარტებების შედეგად, მოსამართლე ტურავამ მხარი დაუჭირა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას. ამდენად, გაუგებარი და  საეჭვოა მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში ხელახლა განხილვის მცდელობა”, – აცხადებენ საკონსიტუციოს მოსამართლეები.

პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძისა და მოსამართლე მერაბ ტურავას ვარაუდით, ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია, შესაძლოა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებულიყო.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კაბელების საქმეზე პარასკევს შევიდა სარჩელი. “როგორც ჩანს, ვიღაცამ ნახა, რომ სარჩელი მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და დასამატებელი იყო მოთხოვნა. ამიტომ გაატენეს სარჩელი, დაამატებინეს, როგორც ჩანს ავტორს, შეიტანეს და ორშაბათს ამის განხილვა ჩანიშნეს. ეს არის საშიში პრეცედენტი”, – ამბობს მდინარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განმარტებით, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოსარჩელე მხარეს აქვს უფლება, სასამართლოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია, მტკიცებულებები და მოსაზრებები.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელემ არ მიუთითა მისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტები, მას გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია საქმის განხილვამდე, განხილვის პროცესში ან მას შემდეგ. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ამგვარ დამატებით ინფორმაციას. მოსარჩელე მხარე ასევე უფლებამოსილია, ახალი სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მას არსებითად განსხვავებული მოთხოვნის დაყენება სურს. ასეთ შემთხვევაში, და მით უფრო დავის საგნის შინაარსობრივი მსგავსებისას, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, აერთიანებს კონსტიტუციურ სარჩელებს და განიხილავს მათ ერთობლივად. ამდენად, პრაქტიკულად აზრს მოკლებულია სარჩელის „ჩანაცვლება“ იმ მიზნით, რომ დამატებული იქნას არგუმენტები, ან დაემატოს/დაზუსტდეს კონსტიტუციის ნორმები. სარჩელის რეგისტრაციის დღეს, ან რეგისტრაციიდან უახლოეს პერიოდში, გამწერისგებელი სხდომის ჩატარებამდე, სარჩელის შინაარსთან დაკავშირებით რაიმე სახის უკანონო მანიპულაციის განხორციელება უშინაარსო და ფუჭი ქმედება იქნება”, – ვკითხულობთ მოსამართლეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ირემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისს მიმართეს. “რეგისტრაციის პროცესში, კანცელარიის თანამშრომლების მხრიდან მოსარჩელეთა წარმომადგენლებს გაეწიათ კონსულტაცია სასარჩელო განცხადების ფორმასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად მიუთითეს კონსტიტუციის ის ნორმები, რომელთა დარღვევაზე დავობდნენ”, – აცხადებენ მოსამართლეები.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სარჩელის დაზუსტება და განვრცობა განხორციელდა რეგისტრაციის პროცესში, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დაზუსტებული სარჩელის ელექტრონული ვერსია, სარჩელის რეგისტრაციიდან მეორე დღეს (4 ივნისს), გაეგზავნა პირველ კოლეგიას ელექტრონული ფოსტით. მიმდინარე წლის 6 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მოსამართლე მერაბ ტურავას მონაწილეობით, ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას”, – აცხადებენ ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი.

29 ივლისს “პრაიმტაიმმა” საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი წევრის [სულ 9 წევრია]: ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილის, თამაზ ცაბუტაშვილის, ოთარ სიჭინავას და მერაბ ტურავას წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავენ. წერილის მიხედვით, მოსამართლეები აპროტესტებენ ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვას, მაშინ, როდესაც უფრო ადრე შესულ საქმეებზე მათი თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“მოდი, სიცხეს დავაბრალოთ და თან გამოძიების მხრიდან მიღებულ სტრესებს,” – ასე გამოეხმაურა გიორგი პაპუაშვილი მათ წერილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი