ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის ერთობლივი განცხადება

30 ივლისი, 2016 • 1789
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის ერთობლივი განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები  ქეთევან ერემაძე,მაია კოპალეიშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გულდასაწყვეტი და გაუგებარი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტული სარჩელების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევასთან დაკავშირებით.

“სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა, რაც ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასახულა. თუმცა, დღემდე არასდროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ოპონირება არ მომხდარა საჯაროდ, მედიის საშუალებით. მოსამართლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ სათათბირო ოთახში საქმის არსებით, თუ ფორმალურ მხარესთან დაკავშირებით. მედიის გამოყენებით მოსამართლეთა შორის პაექრობა აკნინებს მოსამართლეთა ღირსებას და ზიანს აყენებს სასამართლოს რეპუტაციას. სამწუხაროა, რომჩვენმა კოლეგებმა  ასეთი არასახარბიელო, იძულებითი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს,” – წერია განცხადებაში.

მოსამართლეთა განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს, მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხშირად უწევს პოლიტიკურად დამუხტული სარჩელების განხილვა.  მოსამართლეების თქმით, 20 წლის  განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო, ამ თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა:

“გულწრფელად მიგვაჩნია, რომ სასამართლო, ყოველ ჯერზე, ღირსეულად უმკლავდებოდა მისი კონსტიტუციური მანდატის მიზნობრივად განხორციელების რთულ და საინტერესო ამოცანას.  შევახსენებთ განცხადების ხელმომწერ მოსამართლეებს, რომ პირველი კოლეგიის მიერ რუსთავი 2-ის საქმე განიხილებოდა 2015 წლის ოქტომბრიდან.  შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსაზრება,რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს. ამავე დროს, პოლიტიკური ელფერი ამ საქმემ ნამდვილად შეიძინა მას შემდეგ, რაც არსებითად განხილული რუსთავი 2-ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილების პროექტიც უკვე მომზადებული იყო, ხელახლა არსებითად   განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე აზრით,  საფუძველს მოკლებულია მოსამართლეების პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, რომ რუსთავი 2-ის, ე.წ. კაბელებისა და საქართველოს მოქალაქე -გიორგი უგულავას საქმეები პლენუმის მიერ არაგონივრულ ვადებში იქნა განხილული, ვინაიდან ამ საქმეების განხილვის თარიღი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, მათ შორის განცხადებაზე ხელმომწერი ყველა მოსამართლის თანხმობით, ერთსულოვნად გადაწყდა:

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეების განხილვა არასდროს ხორციელდებოდა და არ უნდა ხორციელდებოდეს რიგითობის ზედმიწევნით დაცვით. რიგითობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ძირითადი კრიტერიუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლიანი პრაქტიკა ამაზე ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს. გარდა ამისა, როგორც წესი, რიგითობის მიუხედავად საქმეები განიხილებოდა, მათ შორის, იმ მოსამართლეთა მიერ, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებას აწერენ ხელს. იმავდროულად, მჭირდო ვადებში, პრიორიტეტულად განიხილებოდა საქმეები, რომლებიცუკავშირდებოდა ადამიანების თავისუფლების უფლებას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმის  დაგვიანებით გადაწყვეტა არაეფექტური იქნებოდა უფლების დაცვის თვალსაზრისით.”

ქეთევან ერემაძე,მაია კოპალეიშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი მიიჩნევენ, რომ  სამწუხაროა ზოგიერთი მოსამართლის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ თითქოსდა ხდება სარჩელების ე.წ. „ჩანაცვლება“, ვინაიდან მოსარჩლეს დამატებითი ინფორმაციის წარდგენისა და სარჩელის დაზუსტების შესაძლებლობა მიეცა:

“შევახსენებთ კოლეგებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულისარჩელების ავტორები, სარჩელის რეგისტრაციის დღეს ან უახლოეს პერიოდში(საქმის განხილვამდე) ითხოვდნენ მათი სარჩელის დაზუსტებას ან/და წარმოადგენდნენ დამატებით არგუმენტაციას. საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთ ასეთ შემთხვევაზე დღემდე უარი არ უთქვავს, ვინაიდან ეს შექმნიდა ხელოვნურდაბრკოლებებს, გააჭიანურებდა ან შეუძლებელს გახდიდა საკითხის განხილვა/გადაწყვეტას.გარდა ამისა, დამატებითი ინფორმაციისა თუ მასალების წარდგენის უფლება მხარეებს აქვთ საქმისწარმოებს ნებისმიერ ეტაპზე, არამხოლოდ საქმის განხილვის დაწყებამდე, არამედ მისი დასრულების შემდეგაც.”

მოსამართლეები იმედს გამოთქვამენ, რომ თითოეული მოსამართლე  მომავალშიც შეძლებს იმოქმედოს საკუთარი პროფესიურლი ღირსებისადმი პატივისცემით, ამასთან კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ერთგულებით.

29 ივლისს პრაიმტაიმმა საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი წევრის [სულ 9 წევრია]: ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილის, თამაზ ცაბუტაშვილის, ოთარ სიჭინავას და მერაბ ტურავას წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავენ. წერილის მიხედვით, მოსამართლეები აპროტესტებენ ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვას, მაშინ, როდესაც უფრო ადრე შესულ საქმეებზე მათი თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“მოდი, სიცხეს დავაბრალოთ და თან გამოძიების მხრიდან მიღებულ სტრესებს,” – ასე გამოეხმაურა გიორგი პაპუაშვილი მათ წერილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი