ახალი ამბები

შეკითხვები სტრასბურგში მოსამართლის პოზიციაზე ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის გამო

29 ივლისი, 2016 • 2825
შეკითხვები სტრასბურგში მოსამართლის პოზიციაზე ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის გამო

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის 3 კანდიდატიდან ორი კანდიდატის – გიორგი ბადაშვილისა და ნანა მჭედლიძის მიმართ იყო უარყოფითი რეკომენდაციები გაცემული. თუმცა მთავრობამ მხოლოდ მჭედლიძის კანდიდატურა ჩაანაცვლა და მის ადგილზე ევა გოცირიძე წარადგინა მაშინ, როცა სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებში გოცირიძეს ქულებით ანა დოლიძის კანდიდატურა უსწრებდა.

ანა დოლიძე, რომელიც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია, ამბობს, რომ მთავრობის “ნაჩქარევად, დახურულად, კონსულტაციების გარეშე” მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

“გვიჩნდება კითხვის ნიშნები, რომ ეს პროცესი არის პოლიტიზირებული. ჩვენ ველით დასაბუთებულ ახსნა-განმარტებას, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება მთავრობამ და რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული ასე ნაჩქარევად?!” – განაცხადა ანა დოლიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, თქმით, მთავრობას ჰქონდა კონსულტაციები ე.წ ფილტრაციის პროცედურის ფარგლებში და მიიღეს რეკომენდაციები. რეკომენდაციების მიხედვით კი, წულუკიანის თქმით, ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლისათვის საჭირო კომპეტენციას, კვალიფიკაციას და სხვა სტანდარტებს.

“რაც შეეხება გიორგი ბადაშვილს, მასზე გამოითქვა რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა ეს 11-წლიანი გამოცდილება, რომელიც მას აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობისა დადებითია, თუმცა სასურველი იქნებოდაო, რომ მას სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანდიდატი გახლავთ 36 წლის”, – განაცხადა თეა წულიკიანმა 28 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

იუსტიციის მინისტრის თქმით, “აშკარად უარყოფითი” რეკომენდაციები გამოითქვა ნანა მჭედლიძესთან დაკავშირებით. “ევროპის საბჭოს ექსპერტებმა თქვეს, რომ ამ ქალ კანდიდატს მისი კარიერული განვითარების ამ ეტაპზე (მოგეხსენებათ, ისიც საკმაოდ ახალგაზრდაა) არა აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში სათანადო გამოცდილება და არც აკადემიურ სფეროში სათანადო ხანგრძლივობის ან საკმაოდ მაღალი აკადემიური გამოცდილება”, – თქვა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, ფიქრობს, იმის გათვალისწინებით, რომ ევროსაბჭოს ექსპერტებს სამიდან ორ კანდიდატთან – გიორგი ბადაშვილსა და ნონა მჭედლიძესთან ჰქონდათ უარყოფითი შენიშვნები, საეჭვოა მხოლოდ ერთი კანდიდატის ცვლილება:

“თუ ევროსაბჭოს ექსპერტებს ორ კანდიდატთან აქვთ უარყოფითი შენიშვნები, მარტო ერთი რატომ იცვლება? ორივე რომ შეეცვალათ, ცხადია, ამ სამეულში იქნებოდა ანა დოლიძეც”, – უთხრა კახა კოჟორიძემ ტელეკომპანია რუსთავი2-ს და განმარტა, რომ ევროსაბჭოს სტანდარტების მოთხოვნით, მოსამართლეობის კანდიდატთა სამეულში გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული, რაც ნიშნავს, რომ სამეულში კაციც უნდა იყოს და ქალიც. “ევროსაბჭოს სტანდარტები იმას კი არ ამბობს, რომ ქალი ერთადერთი უნდა იყოს”, – ამბობს კოჟორიძე.

პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, ეს პროცესი დაემსგავსა “რაღაც გარკვეულ პარტიულ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა იყოს.  ევროსაბჭოს მოსამართლეობის კანდიდატის დასახელება არ უნდა ჰგავდეს რომელიმე პარტიის მიერ რომელიმე რეგიონში მაჟორიტარის დასახელებას”.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურები არ დარღვეულა და ევა გოცირიძე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

“იმ 5 კანდიდატს შორის, რომელიც კომისიამ წარადგინა პრემიერ-მინისტრთან, იყო ქალბატონი ევა გოცირიძეც. შესაბამისად, აქ პროცედურების დარღვევა არ მომხდარა. ვის მოსწონს, ვის არ მოსწონს, – ეს ერთი საკითხია… არავინ არ ამბობს, რომ ანა დოლიძე არ არის კვალიფიციური და რომ ის არ არის კარგი იურისტი და ადამიანის უფლებათა კარგი დამცველი. კანდიდატების წარდგენა არ ნიშნავს აპრიორი, რომ იქნება რომელიმე კონკრეტული გარანტირებულად გამარჯვებული”, – ამბობს ეკა ბესელია.

მოსამართლეობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ევა გოცირიძის არჩევას გამოეხმაურა “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის”, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება:

“აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე 2013 წლიდან დღემდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. სამოქალაქო საზოგადოების ღია პროტესტის მიუხედავად, მან 2015 წლის 25 დეკემბერს, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში არჩევას.  მისი განმარტებით, მთავარი არგუმენტი მურუსიძის სასარგებლოდ, მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა იყო. ამ საკითხზე მისი და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის ეჭვები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დანიშვნისას არ ხელმძღვანელობდა კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით,  არამედ გადაწყვეტილება მიიღებოდა საბჭოს წევრებს შორის გარკვეული ფარული გარიგებების საფუძველზე.

ასევე, ევა გოცირიძე, მწვავე განცხადებებს აკეთებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებზე და ამ ჭრილში მას მიაჩნდა, რომ მართლმსაჯულების დასაცავად, შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მისი აზრით, არ შეიძლება სასამართლოშიც და მედიაშიცთავისუფლება ვულგარულად ესმოდეთ. მას მიაჩნდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოსამართლის მიერ დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასება და ამის გათვალისწინებით, ტელევიზიის მენეჯმენტის ცვლილების დასაბუთება არ წარმოადგენდა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან,  გამოხატვის თავისუფლებაზე მისი განცხადებები, რუსთავი 2-ის საქმის კონტექსტში, კრიტიკულად იქნა შეფასებული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის თქმით კი, ევა გოცირიძე “ზუსტად იმავე გამჭვირვალე და საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატია, როგორც არიან სხვა დანარჩენი კანდიდატები”: ის არის ქალი კანდიდატი, რომლის არსებობაც აუცილებელია სამპირიან სიაში. და არის თუ არა ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის შესაფერისი კანდიდატი, ამას არ ვადგენთ არც მე, არც საქართველოს მთავრობა, არც არასამთავრობო სექტორი. ამას ადგენს ის კოლეგია, რომელმაც წინა ქალი კანდიდატი სტრასბურგში შეაფასა შეუსაბამოდ მისი კარიერული განვითარების ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით ამ ახალ ქალ კანდიდატს, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილად კონკურენციას გაუწევს ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს, როგორც მამაკაც კანდიდატს და დაველოდოთ სტრასბურგის ორგანოების შეფასებას, რომელიც შეიძლება იყოს ან დადებითი, ან ისევ უარყოფითი. ეს არის პროცესი, ამიტომ ჩვენ ვაგზავნით ამ კანდიდატურას, თუმცა გადაწყვეტილება ჩვენ არ გვეკუთვნის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ჩემი პირადი აზრით, რასაც მთავრობის წევრები დაეთანხმნენ, ქალბატონ ანა დოლიძეს, ისევე, როგორც ნანა მჭედლიძეს, ახალგაზრდა, კომპეტენტურ ქალბატონებს, რომლებსაც მეც მაღალი ქულები დავუწერე, რაკი გვაქვს წინ მაგალითი სტრასბურგის ორგანოების მხრიდან შეფასებისა, რომ მინუსად ჩაეთვალათ და პლუსად არ ჩაეთვალათ, როდესაც კანდიდატს არ აქვს მართლმსაჯულების სისტემაში, მართლმსაჯულების სისტემასთან მუშაობის სათანადო გამოცდილება, ასეთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა წარდგენილი. ევა გოცირიძეს … მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ანა დოლიძესთან შედარებით მართლმსაჯულების სისტემაში მუშაობის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს”, – ამბობს წულუკიანი.

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის კოალიციის შეფასებით, “სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები, რაც აჩენს განცდას, რომ საჯარო კონკურსის მთლიანი პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა”. კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული  არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“  რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება. ამასთან, არჩეული კანდიდატები მათი პროფესიული კვალიფიციურობის გარდა, ასევე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მატარებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი