ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთის მოვლენების ანტისახელისუფლებო გაშუქებისთვის აზერბაიჯანში ტელევიზია დახურეს

29 ივლისი, 2016 • 1333
თურქეთის მოვლენების ანტისახელისუფლებო გაშუქებისთვის აზერბაიჯანში ტელევიზია დახურეს

აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აზერბაიჯანული ტელერადიოკომპანია ANS-ის ჟურნალისტებმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გაშუქების დროს კანონი დაარღვიეს და ტელერადიოკომპანია ANS-ს ლიცენზია გაუუქმა.

კავკაზსკი უზელის ცნობით, აზერბაიჯანის ეროვნულმა ტელერადიო საბჭომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ტელეკომპანიას ბრალად ედებოდა თურქეთის სახელმწიფოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს. ტელერადიო საბჭოს წარმომადგენლის თორგულ მამედოვის თქმით, ტელეკომპანიამ ასევე მხარი დაუჭირა ფეთქულა გულენსა და მის მხარდამჭერებს. ასევე, მამედოვის თქმით, ტელეკომპანიამ თურქეთში მიმდინარე მოვლენები წარმოაჩინა, როგორც თურქეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული.

საინფორმაციო სააგენტო apa.az -ს ცნობით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, მირშახინ აგაევის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაბამის ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო, რომელიც ამბოხებულთათვის წარუმატებლად დასრულდა. ამბოხებას რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან გათავისუფლებულია ათიათასობით ადამიანი; დაიხურა ათეულობით მედიასაშუალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი