ახალი ამბები

მერაბ მეტრეველი: გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის ყველაზე მეტი შანსი ჩვენ გვაქვს

29 ივლისი, 2016 • 1610
მერაბ მეტრეველი: გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის ყველაზე მეტი შანსი ჩვენ გვაქვს

პარტიის, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის”, ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ მეტრეველი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიჩნევს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მიმხრობის ყველაზე მეტი შანსი აქვს.

“ჩემი კომენტარი იქნება NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ქალბატონი ლორა თორნტონის ციტატა: “მოსახლეობას უმეტესობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. შესაბამისად, არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია. თითოეული პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება”.  NDI-ის ხელმძღვანელი თვითონ ამბობს, ჩვენი კვლევა მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგებაო, რადგან 57%-მა ჯერ არ იცის, თუ ვის მისცემს ხმას. მეტი რაღა უნდა დავამატო”, – უთხრა მერაბ მეტრეველმა “ნეტგაზეთს”.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, – გამოკითხული რესპონდენტების 4% პასუხობს, რომ ხმას პაატა ბურჭულაძის პარტიას მისცემდა. კვლევის ფარგებში გამოკითხულთა 57%-ს ასევე არა აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

მერაბ მეტრეველის თქმით, როდესაც “ამომრჩეველთა 57% არიან ადამიანები, ვინც არჩევნებზე მიდიან, მაგრამ არ იციან, ხმას ვის მისცემენ, მთავარი კითხვა ხდება არა ის, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, არამედ კითხვა – “ვის არასოდეს არ მისცემთ ხმას”. ამ კითხვაზე პასუხების მიხედვით ვხვდებით, ვისა აქვს შანსი, რომ ეს 57% მიიმხროს”, – ამბობს მერაბ მეტრეველი.

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა, ქართული ოცნება – 19%-მა. “პაატა ბურჭულაძე – საქართველო ხალხისათვის”, კვლევის თანახმად, მოხვდა “სხვა” – 6%-იან კატეგორიაში.

“ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობს ამომრჩეველი, რომელიც ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.  შესაბამისად, 57% გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან ყველაზე მეტი შანსი გვაქვს სწორედ ჩვენ, მოვიმხროთ ამომრჩეველი, როდესაც გახურდება საარჩევნო კამპანია”, – უთხრა მეტრეველმა ნეტგაზეთს.

“ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ როგორ იმუშავებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ სხვა პარტიებს – ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას რა რეიტინგებიც აქვთ, ის რეიტინგები მყარი რეიტინგია და გაზრდის შანსი, შესაძლოა, აქვთ, მაგრამ მინიმალური”, – ამბობს მეტრეველი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს, 29 ივლისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

წაიკითხეთ: რას ნიშნავს, როცა ამომრჩევლების 57% გადაუწყვეტელია

მასალების გადაბეჭდვის წესი