ახალი ამბები

თინა ხიდაშელმა პრემიერს მიმართა დაითხოვოს მინისტრის თანამდებობიდან

28 ივლისი, 2016 • 1505
თინა ხიდაშელმა პრემიერს მიმართა დაითხოვოს მინისტრის თანამდებობიდან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა შესაძლოა თანამდებობა პირველი აგვისტოდან დატოვოს.

სამინისტროში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ ხიდაშელს გათავისუფლების თხოვნით პერმიერისთვის განცხადებით არ მიუმართავს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა უნდა მიიღოს:

“დღეს, დღის მეორე ნახევარში თინა ხიდაშელმა მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პირველი აგვისტოდან – განუცხადეს “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროში.

თავად თავდაცვის მინისტრს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუწერია.

 


[checklist]

  • 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ორი  მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდან დატოვებდა თანამდებობას – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო ბრიფინგზე;
  • მაშინ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურმა პარტია მზად იყო, რომ მათი წევრები დარჩენილიყვნენ მთავრობაში  არჩევნების ბოლომდე, თუმცა  “ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა: ” ჩათვალა, რომ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი”;
  • 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა პარტია დატოვა და თანამდებობაზე რჩება.
  • რესპუბლიკურმა პარტიამ 27 მარტს  განაცხადა, რომ ისინი დატოვებდნენ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას.
  • თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად 2015 წლის 1 მაისს დანიშნეს და ის საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იყო

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი