ახალი ამბები

პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის მეგობარი გამოიკითხა

28 ივლისი, 2016 • 1120
პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის მეგობარი გამოიკითხა

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პრეზიდენტის სიძის მეგობარი, მიხეილ თათარაშვილი მთავარ პროკურატურაში დღეს, 28 ივლისს, გამოიკითხა.

პრეზიდენტის სიძემ და მისმა მეგობარმა საქართველოს მთავარი პროკურატურა უკომენტაროდ დატოვეს. მედიის წარმომადგენლების კითხვებს მათმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა უპასუხა.

“მიხეილ თათარაშვილი 2016 წლის 28 ივნისს იმყოფებოდა მინდია გოგოჭურთან [პრეზიდენტის სიძესთან] ერთად. როგორც გამოირკვა, პოლიციელების მხრიდან მასაც შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილებოს უფლება – ის იყო დაკავებული. როგორც დაკავებულს, მას გააჩნდა მთელი რიგი უფლებები, კონკრეტულად: ადვოკატის ყოლის უფლება, დუმილის უფლება; ის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება დაკავებისას; უნდა შედგენილიყო დაკავების ოქმი. არაფერი ეს არ გაკეთებულა. მათ არ მიეცათ თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ანუ დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცათ ადვოკატის აყვანის უფლება.

გარდა ამისა, თვითონ დადგენილება გადაუდებელი ჩხრეკის თაობაზე 3 ადამიანს ჩაუტარდა   ავტომანქანაში. პოლიციამ ამის მერე გაჩხრიკა მხოლოდ  მინდია გოგოჭურის სახლი. პოლიციას ჰქონდა ეჭვი, რომ მათ ქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. აქ ისმის კითხვა და ჩნდება ეჭვი, რომ თუ ასეთი საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა პოლიციას და არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რატომ არ გაჩხრიკეს გოგოჭურის მეგობრების სახლებიც. აქედან გამომდინარე, თვითონ ოპერატიული ინფორმაციის არსებობა იწვევს ძალიან სერიოზულ ეჭვს”, – თქვა მედიასთან საუბრისას ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით. ამ განცხადებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საუბარი იყო პოლიციის მხრიდან პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე.

პრეზიდენტის სიძის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ გოგოჭურმა პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია  პოლიციელთა მხრიდან მისი დაკავების დროს შესაძლო გადაცდომებზე. მისი თქმით, მინდია გოგოჭურის დაკავების დროს ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას და პოლიციელებისთვის კარგად იყო ცნობილი მინდია გოგოჭურის ვინაობა და მისი კავშირი პრეზიდენტთან.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი