ახალი ამბებიხელოვნება

კინემატოგრაფთა ჯგუფი კინოცენტრში არსებული პრობლემების გარშემო ერთიანდება

29 ივლისი, 2016 • 1973
კინემატოგრაფთა ჯგუფი კინოცენტრში არსებული პრობლემების გარშემო ერთიანდება

​კინემატოგრაფთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ეროვნული კინოცენტრში საგანგაშო მდგომარეობაა და პრობლემების საჯარო სივრცეში, მედიის თანხლებით განხილვას მოითხოვს, რაზეც კინოცენტრისაგან, როგორც თავად აცხადებენ უარი მიიღეს.

კინოცენტრში მათ მიერ გაგაზავნილ წერილს, რომელსაც 222 ადამიანის ხელმოწერა ახლავს, კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი ღია წერილით გამოეხმაურა და ჯგუფს სამუშაო ვითარებაში შეხვედრაზე დასთანხმდა. მაღალაშვილი ეთანხმება ჯგუფის მიერ გამოთქმული პრეტენზიებს კინოცენტრში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა იხნის პასუხისმგებლობას.

“ვაკის პარკის კინომოძრაობის” სახელით, კინემატოგრაფთა ჯგუფმა საკუთარი მოთხოვნები ოფიციალურად 29 ივლისს, წარადგინა.

სრულმეტრაჟინი მხატვრული ფილმის 2016-17 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის მონაწილე ფილმის, რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძის პროექტის “არმატურა” შეფასებისას ჟიურის წევრმა არაკორექტული ფრაზები გამოიყენა, რაც ჯგუფის წევრების განცხადებით მიუთითებს ჟიურის არაკომპეტენტურობაზე, არაეთიკურობასა და კინოცენტრის მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობაზე. კინომოძრაობის წევრთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევებიდან გამომდინარე ჯგუფმა გადაწყვიტა გაერთიანდეს და კინოცენტრში არსებული პრობლემები გაასაჯაროოს.

“საკუთარი მოსაზრების გამოსახატად ეს ფორმა შეირჩა, რადგან ჯგუფის მცდელობის მიუხედავად არ შედგა კონსტრუქციული დიალოგი კინოცენტრის ხელმძღვანელობასთან,” – აცხადებს კინომოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ელენე მარგველაშვილი.

კინოცენტრისადმი გაგზავნილ წერილში კინომოძრაობამ უნდობლობა გამოუცხადა ახალი დირექტორის შემოთავაზებულ ცვლილებას – ლოტოტრონის პრინციპით ჟიურის წევრების შერჩევას.

“ამ პრინციპის შედეგად კინოცენტრის დირექტორი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას პროცესებზე. ლოტოტრონის დანერგვით, კინოცენტრი უარს ამბობს შეიმუშავოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქნილი მექანიზმი, რომელიც გაზრდიდა ჟიურის შერჩევისა და პროექტების შეფასების ხარისხობრივ მაჩვენებელს.” – ამბობს მარგველაშვილი.

ზურაბ მაღალაშვილი კი აცხადებს, რომ “ლოტოტრონის” მიზანია, “შემუშავდეს მაქსიმალურად სამართლიანი სელექციისა და კომისიის მუშაობის გამჭვირვალე სისტემა, რომელიც იქნება ღირსეული პროექტების მიუკერძოებლად გამოვლენის გარანტი.”

“სასურველია გვესმოდეს, რომ ალბათობის სისტემით საექსპერტო კომისიის წევრების დაკომპლექტების შემთხვევაში, კინოცენტრის დირექტორი პასუხისმგებელია არა მარტო კომისიის 8 ან 5 წევრზე, არამედ იმ სიაზე, საიდანაც ხდება კომისიის წევრების შერჩევა, შესაბამისად, იზრდება ჩემი პასუხისმგებლობის ხარისხიც, მაგრამ, გარდა იმ პროფესიული კრიტერიუმებისა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის წევრის ბიოგრაფია, გამოცდილება და რეპუტაცია, ბუნებრივია, ბოლომდე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას კონკრეტული პიროვნების ეთიკურ კოდექსსა და გამოხატვის ფორმებზე,” – აცხადებს ზურაბ მაღალაშვილი.

კინემატოგრაფთა წერილზე პასუხის გაცემის ათდღიანი ვადის გასვლამდე – როგორც ისინი აცხადებენ, კინოცენტრმა ზედიზედ ორი კონკურისისთვის შეარჩია ჟიურის წევრები ლოტოტრონის პრინციპით და არ გაითვალისწინა მოძრაობის პოზიცია.

დღეიდან, “ვაკის პარკის კინომოძრაობა” იწყებს კინოცენტრში არსებული პრობლემების გასაჯაროებას მედიისა და კინოსექტორის აქტიური ჩართულობით:

“ჩვენ ვუბრუბნდებით 17 ივლისის წერილში წამოყენებულ მოთხოვნებს, რომელსაც იზიარებს სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი და განმეორებით ვითხოვთ შევხედრას კინოცენტრის ადმინისტრაციასთან მედიის მონაწილოებით.” – აცხადებენ მოძრაობის წევრები.

“ვაკის პარკის კინომოძრაობის” მიერ მომზადებულ წერილს ხელს აწერენ ქართველი რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები. მათ შორის, ქეთი მაჭავარიანი, თორნიკე გოგრიჭიანი, ზაზა რუსაძე, ეკა წოწორია, გიორგი ქავთარაძე, ნინო კასრაძე, ანდრო ერაძე, ნესტან კვინიკაძე, დავით ბუხრიკიძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი