ახალი ამბები

ნიგერიელი სტუდენტი საქართველოს ბანკის მხრიდან რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს

28 ივლისი, 2016 • 3388
ნიგერიელი სტუდენტი საქართველოს ბანკის მხრიდან რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს

ნიგერიის მოქალაქე, სოლომონ ადებაო ოკელეი საქართველოს ბანკს მის მიმართ განხორციელებულ რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს (TDI) 2016 წლის აპრილში მიმართა იურიდიული დახმარების აღმოსაჩენად.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა 28 ივლისს “ფრონტლაინ ჯორჯიაში” პრესკონფერენცია გამართა.

როგორც TDI-ში აცხადებენ, ოკელეისა და სხვა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბანკი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას, ისარგებლონ საბანკო და სამგზავრო ბარათებით. მათი შეფასებით, ამის გამო ნიგერიის მოქალაქეები ვერ განკარგავენ საკუთარ ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, ექმნებათ გადაადგილების პრობლემა და ეზღუდებათ კანონით გარანტირებული სხვა უფლებები.

“საქართველოს ბანკი ექსკლუზიურად გასცემს ბარათს, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამგზავრო დანიშნულებით, ასევე, საბანკო მომსახურების მისაღებად. არცერთ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სამართლის პირს ამგვარი ბარათის გაცემა არ შეუძლია. საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების თანახმად, თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე ვრცელდება სამგზავრო შეღავათები. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და მასზე მიბმული სტუდენტური ბარათი, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ,” – აცხადებენ TDI-ში.

ოკელიე ამბობს, რომ საბანკო ანგარიშის გახსნა საქართველოს ბანკში 2016 წლის თებერვალში რამდენჯერმე სცადა, თმცა ბანკმა მას მომსახურების გაწევისთვის მოსთხოვა რეკომენდაციის წარდგენა აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის ან/და ევროკავშირის საბანკო დაწესებულებებთან, რაც მისთვის შეუძლებელი იყო, რადგან არ გააჩნდა არანაირი კავშირი ჩამოთვლილი ქვეყნების კომერციულ ბანკებთან.

TDI-მ ოკელეის მიმართვისთანავე დაიწყო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა და ამ საკითხზე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა, ეროვნულ ბანკს და მიაწოდა ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების შესახებ. ეროვნულმა ბანკმა TDI-სთან კომინიკაციის შემდეგ, საქართველოს ბანკს მისცა რეკომენდაცია სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრისა და პრობლემის სისტემურად მოგვარების შესახებ.

როგორც ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე მათი რეაგირების შემდეგ, მაისში საქართველოს ბანკმა TDI-ს აცნობა, რომ სოლომონ ოკელეის და ასევე ნიგერიის 10 მოქალაქეს შეეძლოთ სტუდენტური ბარათების აღება:

“როგორც აღმოჩნდა, ბანკმა სტუდენტებს გაუხსნა ანგარიშები, რომლებზეც ტრანზაქციები დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, პრობლემა მოგვარდა არა სტრატეგიულად, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული პირებისთვის, რომელთა ინტერესებსაც ჩვენ ვიცავდით. გარდა ამისა, ნიგერიის მოქალაქეებისთვის კვლავ პრობლემად რჩება საბანკო ანგარიშის სხვა ვალუტაში გახსნა და გამოყენება.”

TDI-მ საქართველოს ბანკს წერილობით მიმართა, სადაც უთანასწორო მოპყრობის საფუძვლების განმარტება და შემდგომში, ბანკის მიერ აღნიშნული პრობლემის პრევენციისა და სისტემურად მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა.

“2016 წლის 18 მაისის წერილით, საქართველოს ბანკმა TDI-ს აცნობა, რომ ნიგერიის მოქალაქეები მაღალი რისკის კლიენტებად განიხილებიან, რადგან ნიგერიელი ფიზიკური პირების მიერ სტუდენტური ბარათების გამოყენება ხშირად არ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საფასურის გადახდას. ბანკის ცნობით, საქართველოში იყო შემთხვევები, როდსაც ნიგერიელი ფიზიკური პირები დაკავებულები იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გასაღების ბრალდებით. აქედან გამომდინარე, ანგარიშის გახსნისას ბანკი სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან. ამ დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში კი, უარს ამბობს ანგარიშის გახსნაზე. ბანკის ცნობით, საქმის გარემოების გათვალისწინებით, იგი მუშაობს ახალი ტიპის პროდუქტზე, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს ისარგებლონ სტუდენტური ბარათებით მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში,” – აცხადებენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტუტუტში.

TDI-ის დასკვნით, საქართველოს ბანკის მოთხოვნა, სადაც ანგარიშის გახსნისას სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული ქვეყნების კომერციული ბანკებიდან, პირდაპირ არის დაკავშირებული სავარაუდო დისკირიმინაციულ მოტივთან და ნიგერიის მოქალაქეების ეროვნულ/მოქალაქეობრივ კუთვნილებასთან. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი დაუშვებლად მიიჩნევს ერთი პირის მიერ ჩადენიი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება შეერაცხოს ყველა იმ პირს, რომელიც წარმოადგენს იგივე ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფს. მიუხედავად ბანკის ვალდებულებისა, რომ შეაფასოს საკუთარ კლიენტთან არსებული რისკები, TDI-ის განცხადებით, პირთა მოქალაქეობრივი ან/და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია არის გაუმართლებელი და არღვევს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლეთა უფლებებს.

TDI მიიჩნევს, რომ ბანკის აღნიშნული პრაქტიკა არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და საუკეთესო საერთაშორისო საბანკო პრაქტიკით. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის სტუდენტური ბარათის გაცემისას ვალდებულია დაიცვას „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. რაც ნიშნავს, იმას, რომ ბანკი ვალდებულია აწარმოოს ინდეტიფიკაციის და ვიანობის გადამოწმების მონიტორინგის პროცესი. საქართველოს ბანკმა, არარეზიდენტი სტუდენტებისთვის, ტრანსპორტში მგზავრობის მიზნით, შეიმუშავა ახალი პროდუქტი. ყველა არარეზიდენტ სტუდენტს, საშუალება აქვს აიღოს სტუდენტური ბარათით, მხოლოდ ტრანსპორტში სარგებლობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, ემორჩილება ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებულ რეგულაციას”, – ასეთია საქართველოს ბანკის განმარტება.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა 21 ივლისს თხოვნით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, გააგრძელოს საქმის წარმოება მოცემულ საქმეზე და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი მექანიზმი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად, მათ შორის, მიმართოს შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს ბანკს.

TDI საქართველოს ბანკს მოუწოდებს, მიიღოს ეფექტური ზომები საქართველოში მცხოვრები ნიგერიის მოქალაქეების სავარაუდო დისკრიმინაციის პრპობლემების მოსაგვარებლად: “ამასთან, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განაგრძობს პროცესის მონიტორინგსა და ბენეფიციართა ინტერესების დაცვას, რისთვისაც მიმართავს ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს.”

როგორც TDI აცხადებს, კონკრეტული პრობლემის გარდა, რასობრივ საკითხებზე მუშაობის პროცესში ასევე გამოვლინდა, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ საელმწიფო პოლიტიკა დისკრიმინაციულია, რაც ზოგჯერ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელ უარში გამოიხატება:

“საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ბინადრობის ნებართვის გაცემის ან განსახლებისას, აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებს ხშირად უარს ეუბნებიან იმ არგუმენტით, რომ ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ეროვნული ინტერესებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პირის ინტერესებს ამჟამად TDI სასამართლოში იცავს.”

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, მსგავს შემთხვევებში, პირისთვის დოკუმენტაციის გაუცემლობის ფორმალური მიზეზი, როგორც წესი, სავარაუდოდ, უკანონოა და რომელიმე ძალოვანი უწყების დასკვნას/რეკომენდაციას ეყრდნობა, ფაქტობრივი და სამართ₾ებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

“ზოგადად, უცხოელთა საქართველოში ყოფნისა და ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც უკავშირდება, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბევრ უცხოელს სირთულეები შეექმნა აქ ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ რასობრივი ნიშნით ძალადობის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ქონების დაზიანების, ყაჩაღობის და სხვა შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არაეფექტური და არაადეკვატურია,” – აცხადებენ TDI-ში.

მათი განცხადებით, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია ასევე ხშირია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქალაქის ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული რასისტულ განწყობებს და სტერეოტიპებს, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირი ქსენოფობიური და დისკრიმინაციული რიტორიკაც ახალისებს. მათი შეფასებით, ამგვარი გამოხატვა ხელს უწყობს შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი