ახალი ამბები

საკონსტიტუციოს მოსამართლე: პაპუაშვილისგან გაჟღერებული ინფორმაცია პირველად არ გამიგია

28 ივლისი, 2016 • 1500
საკონსტიტუციოს მოსამართლე: პაპუაშვილისგან გაჟღერებული ინფორმაცია პირველად არ გამიგია

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მოსამართლე ქეთევან ერემაძემ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან არცერთი ფაქტი პირადად არ შეეხებოდა, თუმცა აქვს ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის ფაქტების შესახებ, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ არ ისაუბრებს.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაციიდან არცერთი არ შემეხებოდა პერსონალურად მე, თუმცა იმავდროულად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის, რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა, პირველად გავიგე, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. ნამდვილად, სასამართლოში რამდენჯერმე მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, პლენუმის თითქმის ყველა მოსამართლე, ალბათ, ერთის გამოკლებით, საკითხებს სხვადასხვა დღის წესრიგის მიხედვით ვიხილავდით და მათ შორის ბატონი გიორგი იყო რა შეწუხებული ერთ-ერთი მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან ასევე მოსამართლეები ისეთივე ფორმატში ჩაგვაყენა საქმის კურსში”, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძემ 28 ივლისს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე.

მოსამართლე ერემაძის თქმით, ის პროკურატურას მიაწვდის იმ ინფორმაციას, რასაც ობიექტურად ფლობს და მიაჩნია, რომ თუკი მოსამართლეებთან “არაჯანსაღი კომუნიკაცია აღწევს სიმწვავის იმ ხარისხს, როდესაც მოსამართლეს უწევს დაფიქრება, შეძლებს თუ არა ის ამ ფაქტობრივ გარემოებებში მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გამოძიებას მიუხედავად იმისა, როგორია თითოეული მოსამართლის ნდობის ხარისხი გამოძიების შედეგებისადმი”.

“მე ვერ მივცემ თავს უფლებას, ვისაუბრო იმ მოსამართლის სახელით, რომელთანაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ეს პრინციპულად არასწორი იქნება. რომელი მოსამართლე რა განცხადებას გააკეთებს ან არ გააკეთებს, რა ფარგლებში ჩათვლის საჭიროდ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, ეს თითოეული მოსამართლის გადასაწყვეტია და მე ნამდვილად ვალდებული ვარ, პატივი ვცე თითოეული მოსამართლის არჩევანს”, – ამბობს ერემაძე.

ერემაძის თქმით, ის კონკრეტულ გვარს იტყვის პროკურატურაშიც, თუმცა ჟურნალისტებთან, საჯაროდ, ამ ინფორმაციას არ გაავრცელებს. 

2016 წლსი 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ზეწოლის შესახებ პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში 27 ივლისს, 13:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქ არ გამოცხადდა. პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებდა. პაპუაშვილი პრემიერ კვირიკაშვილს 27 ივლისს, საღამოს შეხვდა, დღეს კი უკვე ისიც მივა საგამოძიებო უწყებაში.

27 ივლისსვე დაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე. გამოკითხვის პროცესი დღესაც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი