ახალი ამბები

ცვლილებები ტელეიმედში – დიანა ტრაპაიძემ არხი დატოვა

27 ივლისი, 2016 • 2603
ცვლილებები ტელეიმედში – დიანა ტრაპაიძემ არხი დატოვა

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ, რომელსაც ტელეიმედში “ქრონიკის სტუდია” მიჰყავდა, არხი დატოვა. თავად ჟურნალისტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ჟურნალისტმა ფეისბუკში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერს:

“მოკლედ, წავედი იმედიდან. ცოტა დასვენება მინდა, მართლა. იმედის ხელმძღვანელობას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ეს გადაცემა, ჩემი ავტორობით, ისევ ყოფილიყო ბადეში. მთხოვდნენ გადამეხედა გადაწყვეტილებისთვის. მადლობა ყველას, ვუსურვებ ამ არხს წარმატებას, იქ ნამდვილად ბევრი კარგი წელი მაქვს გატარებული”.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით არხზე სხვა ცვლილებებიც განხორციელდა, კერძოდ, გადაცემა “პოლიტიკის” წამყვანი თეონა გეგელია არხზე სხვა პოზიციაზე, კერძოდ, ვებ-გვერდზე იმუშავებს. ასევე, ვებ-ზე გადაინაცვლებს ჯონი კალანდაძე, რომელიც საინფორმაციო სამსახურში პროდიუსერად მუშაობდა. ამას გარდა, იმედის მთავარ საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკას” აღარ წაიყვანს ჟურნალისტი თეა სიჭინავა.

ნეტგაზეთი შეეცადა აღნიშნულ ჟურნალისტებთან დაკავშირებს, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია იმედში შეიცვალა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ეს პოზიცია ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ დაიკავა. ასევე, ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა ირაკლი რუხაძე. სწორედ ახალი მენეჯმენტის მოთხოვნებს უკავშირდება ზემოთ აღნიშნული ცვლილებები.

ტელეკომპანია “იმედმა” შარშან ზაფხულში დახურა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქცია”, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე არხიდან დაითხოვეს შალვა რამიშვილი, რომელიც უძღვებოდა გადაცემა “პოლიტიკას” თეონა გეგელიასთან ერთად და ასევე მისი სტუდია რამდენიმე გადაცემას ამზადებდა აღნიშნული არხისთვის. რამიშვილმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება განახორციელა ირაკლი რუხაძის დავალებით დირექტორმა გიორგი ბახტაძემ. რამიშვილმა ბახტაძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ზეწოლაშიც დაადანაშაულა. ხოლო ტელეიმედის ხელმძღვანელობამ მაშინ განმარტა, რომ რამიშვილი თათია სამხარაძესთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაითხოვეს, რომლის მიხედვით რამიშვილს ჰქონდა სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროების მცდელობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი