ახალი ამბებიხელოვნება

რუსთაველის თეატრის დირექტორი პოსტს ტოვებს და თეატრში აუდიტის ჩატარებას მოითხოვს

27 ივლისი, 2016 • 3281
რუსთაველის თეატრის დირექტორი პოსტს ტოვებს და თეატრში აუდიტის ჩატარებას მოითხოვს

რუსთაველის თეატრის დირექტორმა ირინა ყიასაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით კულტურის სამინისტროს 22 ივლისს მიმართა, თუმცა მინისტრს შესაბამისი ბრძანება ჯერ არ გაუცია. ყიასაშვილი სამსახურიდან წასვლის მიზეზეად თეატრში ასებულ კორუფციას, ნეპოტიზმსა და შესყიდვების პროცედურების დარღვევს ასახელებს. თანამდებობის დატოვების შემდეგ, ირინა ყიასაშვილი თეატრში ფინანსური აუდიტის ჩატარებას მოითხოვს.

როგორც ის აცხადებს, თეატრში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი დირექტორ-განმკარგულებელი გია თევზაძეა. რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურში, კი განგვიცხადეს, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით გია თევზაძე მედიისათვის კომენტარს არ აკეთებს.

ირინა ყიასაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, 15 მარტს, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ მინდობილობით, სამხატვრო ხელმძღვანელის ყველა უფლება, 1 წლით თევზაძეს გადასცა. თავად სტურუა ამ პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შედეგად, ყიასაშვილის თქმით, გია თევზაძე მას გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აღარ აძლევს. ყველა მის მიერ გაცემული განკარგულება უქმდება და დირექტორის თანამდებობამ სიმბოლური სახე მიიღო.

ყიასაშვილის განცხადებით, დირექტორ-განმკარგულებელი თეატრიდან ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე აქირავებს ძვირადღირებულ აპარატურას. ასევე, იჯარით აქირავებს ფართს და არ განმარტავს, რატომ სარგებლობს ზოგიერთი მქირავებელი ფასდაკლებით.

ყიასაშვილი სამინისტროსათვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ის 5 თვის განმავლობაში ცდილობდა საკითხზე რობერტ სტურუასთან დალაპარაკებას, რათა ერთმანეთისაგან გაემინჯა დირექტორისა და დირექტორ-განმკარგულებლის უფლებები, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი დირექტორი ეჭვობს, რომ რობერტ სტურუა თავადაა დაინტერესებული, რომ თეატრში მსგავსი სიტუაცია შენარჩუნდეს. სტურუა მიმდინარე მოვლენებს ჯერ არ გამოხმაურებია.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ირინა ყიასაშვილს და ასევე, თეატრის იურისტს, ლაშა გოგინაშვილს, თუმცა ისინი ამ დროისათვის, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი