ახალი ამბები

თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

27 ივლისი, 2016 • 1557
თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მეყანწიშვილი დააკავა.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს ქ. თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 000 ლარის გადაცემა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 22 ივლისს დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს გამოართვა წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 5000 ლარი, ხოლო 2016 წლის 25 ივლისს გამოართვა თანხის მეორე ნაწილი – 5000 ლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი