ახალი ამბები

პატარაია კალაძის სექსისტურ შეფასებაზე: ჭორაობას სქესი არ აქვს

27 ივლისი, 2016 • 1890
პატარაია კალაძის სექსისტურ შეფასებაზე: ჭორაობას სქესი არ აქვს

ქალთა ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი, ბაია პატარაია საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის სექსისტური შინაარსის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კალაძის მხრიდან მსგავსი რიტორიკა, არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებს აკნინებს, არამედ ქალებისთვის შეურაცხმყოფელია.

“კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკნინებას, თავისთავად პრობლემურია, ვინაიდან ის სახელმწიფო ინსტიტუციებს ესხმის თავს; მაგრამ მეორე მხრივ, არანაკლებ პრობლემურია უშუალოდ ფორმა, რომელიც კახა კალაძემ შეარჩია იმისათვის, რომ დაემცირებინა მარგველაშვილი და პაპუაშვილი. მან ამ კაცებზე განაცხადა, რომ ქალბატონებივით ჭორაობენ. ეს არის ქალების შეურაცხყოფა.” – ამბობს პატარაია.

ბაია პატარაიას თქმით, კახა კალაძის განცხადება სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსისაა:

“ჭორაობას სქესი არ აქვს. ის შეიძლება ახასიათებდეს ქალსაც და კაცსაც. თუ კალაძეს არ ახსენდება ჭორიკანა კაცები, ჩვენ მას შევახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური გუნდის დაბალი და მაღალი ეშელონების წარმომადგენლები სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაზე წლების განმავლობაში ჭორაონდნენ პირდაპირ ეთერებში. უკლებლივ ყველა მათგანი იყო კაცი. კალაძის განცხადება არის სექსისტური და დისკრიმინაციული ქალების მიმართ,” – აცხადებს პატარაია.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, ხოლო ჭორიკნობის კონტექტსში კალაძემ ქალები გაიხსენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი