ახალი ამბები

თურქეთის ელჩი: დღემდე არცერთი დაკავებულის მიმართ ცუდად მოპყრობის ფაქტი არ არსებობს

27 ივლისი, 2016 • 1630
თურქეთის ელჩი: დღემდე არცერთი დაკავებულის მიმართ ცუდად მოპყრობის ფაქტი არ არსებობს

საქართველოში თურქეთის ელჩი, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთის საპატიმროებში აჯანყების შემდეგ დაკავებულთა წამების შესახებ “მცდარს” უწოდებს. 

“ხაზგასმით ვაცხადებ იმას, რომ დღემდე არცერთი დაკავებულის მიმართ ცუდად მოპყრობის რაიმე ფაქტი არ არსებობს”, – აცხადებს თურქეთის ელჩი.

საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალის” ინფორმაციით, თურქეთში 15 ივლისის აჯანყების მცდელობის შემდეგ დაკავებულებს სცემენ და აწამებენ. “ამნესტის” ცნობით, არსებობის გაუპატიურების ფაქტების მტკიცებულებებიც.

“თურქეთი არის წამების წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო დეკლარაციის ხელმომწერი და დღემდე ამ მიმართულებით თურქეთის გამოცდილება და წარსული ძალიან სუფთაა”, – თქვა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ 27 ივლისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ამნესტი ინთერნეიშენალის” ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჯონ დალჰუისენმა კი  24 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს ეს “აღმაშფოთებელი პრაქტიკა” და ნება დართოს საერთაშორისო, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, ეწვიონ დაკავებულებს იმ ადგილებში, სადაც ახლა იმყოფებიან – პოლიციის სამმართველოებში, სპორტულ ცენტრებში, სასამართლოების შენობებში და ა.შ.

“ცემისა და გაუპატიურების შესახებ ცნობები განსაკუთრებით საგანგაშოა, განსაკუთრებით განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების მასშტაბის გამო. საშინელი დეტალები, რაც ჩვენ აღვწერეთ, მხოლოდ ერთი კადრია იმ საშინელი ფაქტებისა, რაც, შესაძლებელია, დაკავების ადგილებში ხდებოდეს”, – ნათქვამია “ამნესტის” განცხადებაში.

“საერთაშორისო ორგანიზაციები სისტემატურად ჩამოდიან თურქეთში, შედიან საპატიმროებში და ატარებენ მონიტორინგს, – ეს პროცესი გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება”, – ამბობს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და დასძენს, რომ მთლიანად თურქეთში სიტუაციას აკონტროლებს ხელისუფლება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტიტუტები გამართულად მუშაობენ.  

“ამნესტი ინთერნეიშენალის” გავრცელებული ინფორმაცია უარყო 25 ივლისს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბეკირ ბოზდაღმა. მისი თქმით, “ამნესტის” ცნობა იყო “დეზინფორმაციის გავრცელების კამპანიის” ნაწილი. “არცერთი დაკავებული არ უწამებიათ და არცერთ დაკავებულს სასტიკად არ მოპყრობიან დაკავებამდე თუ დაკავების შემდეგ”, – განაცხადა ბოზდაღმა.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წაუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 190 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია ათასობით, თანამდებობებიდან გათავისუფლებულია ათიათასობით ადამიანი. თურქეთის ოფიციალური პირები გადატრიალების დაგეგმვაში აშშ-ში მცხოვრებ ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებენ. თავად გიულენი კი უარყოფს აჯანყებასთან კავშირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი