ახალი ამბები

ქალთა მოძრაობა ფემიციდის საკითხზე შს მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

27 ივლისი, 2016 • 1663
ქალთა მოძრაობა ფემიციდის საკითხზე შს მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

ქალთა მოძრაობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის სახელზე ღია წერილს აქვეყნებს და ფემიციდის პრობლემასთან დაკავშირებით მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. მოძრაობის წევრთა განცხადებით, აუცილებელია ოჯახში ძალადობის სისხლისამართლებრივი პოლიტიკის რეფორმა, რადგან ამ ეტაპზე შესაბამისი სტრუქტურები ვერ ახორციელებენ ეფექტურად დაკისრებულ მოვალეობებს.

“ოჯახში ჩადენილი დანაშაულები საქართველოში ყოველწიურად იზრდება. 2015 წელს პოლიციის ცხელ ხაზზე 15 910 შეტყობინება შევიდა ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, აღნიშნული მაჩვენებელი სამჯერ გაზრდილია 2013 წელთან შედარებით. კატასტროფულია ქალთა მკვლელობების სტატისტიკა: მიმდინარე წელს უკვე 10 ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ქალთა მოძრაობა უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ბატონ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი პოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვალა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სისტემური ხარვეზების გამო, პრობლემის არსებითი მოგვარება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა შემდეგი მიმართულებით:

  1. ჩამოყალიბოს სპეციალური განყოფილება, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობასა და გენდერული საფუძვლით ჩადენილ დანაშაულებზე.
  2. მონიტორინგი გაუწიოს შემაკვებელი ორდერის შესრულებას. პასუხისგებაში მისცეს ის პოლიციელები, რომლებიც შეცვლილი პოლიტიკის მიუხედავად, კვლავ იყენებენ იურიდიული ძალის არმქონე ხელწერილის ჩამორთმევის პრაქტიკას.
  3. დანერგოს რისკების შეფასების მექანიზმი, რათა რიგით პოლიციელს მიეცეს შესაძლებლობა შეაფასოს მოძალადისგან მომავალი საფრთხე.

ჩვენ გვჭირდება დაცვის ეფექტური გარანტიები და ოჯახში ძალადობის სისხლისამართლებრივი პოლიტიკის შემდგომი რეფორმა. სწორედ ამ საკითხების განსახილველად, მოგმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს და გთხოვთ, უმოკლეს ვადაში გამოგვიყოთ დრო შეხვედრისათვის.” – ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილში.

ივნისში, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი