თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და სასამართლოს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.

“გაცნობებთ, რომ მე მივმართე თბილისის მერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რადგან გადავწყვიტე, როგორც არქიტექტორმა მეტი დრო დავუთმო ჩემ პროფესიულ საქმიანობას და მუშაობა გავაგრძელო კერძო სექტორში,” – ვკითხულობთ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დიმიტრი მოსულიშვილმა მერს  წინა კვირას მიმართა. მათივე განამრტებით,  გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიმდინარე კვირაში დაიწერება:

“ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ სამსახურში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი ახალი უფროსის ვინაობა,” – აცხადებენ მერიაში.

დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა  თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ:

“ელისაშვილმა ჩემი მისამართით საჯაროდ გააკეთა ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. სარჩელი ასევე ჩაბარდა ბატონ ელისაშვილს, როგორც პროცესის მოპასუხე მხარეს. იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მიერ მალე დადგინდება სიმართლე და ელისაშვილს მოუწევს მის მიერ გამოთქმული სიცრუისა და ცილისწამების უარყოფა,” – ამბობს მოსულიშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მას დიმიტრი მოსულიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში და მერიის შიდა აუდიტის სამსახურში განცხადება აქვს შეტანილი საბურთალოს #85-ში  და ნუცუბიძის #26-ში  გაცემული მშენებლობის ნებართვის გამო:

“საბურთალოს საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში ორი კვირის წინ დავიკითხე და მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. ამასობაში, სანამ მეორე საქმეზე დამკითხავდნენ, ნარმანიამ მშენებლობის ნებართვა გააუქმა ნუცუბიძის 26-ში, სადაც რეკრეაციულ ზონაში იყო გაცემული ნებართვა. ეს არის იმის აღიარება, რომ მოსულიშვილის ნებართვა იყო უკანონო. ან სრული იდიოტი უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი წარმოუდგენელი დარღვევების ნებართვა გაეცა, ან ფული უნდა აეღო,” – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილის მტკიცებით, მას სარჩელი ჯერ არ ჩაბარებია:

“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ თავისსავე უსინდისობებს შეეწირა. ბოლოსდაბოლოს დავით ნარმანია მიხვდა, რომ ამ მექრთამე კაცის მოშორება იყო აუცილებელი. სიამოვნებით გავცემ პასუხს. მექრთამე არ ყოფილიყო, სამსახურიდან გაუშვებდნენ ექვსი თვის წინ დანიშნულ ადამიანს?” – ამბობს ელისაშვილი.

დიმიტრი მოსულიშვილსი განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საკანონმდებლო ინიციატივა:

” დაიწყო და დღეისათვის აქტიურ ფაზაშია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში შეიზღუდა ინტენსივობის კოეფიციენტის მომატების პრაქტიკა და დარეგულირდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები,”- აცხადებს მოსულიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.