ახალი ამბები

NDI: საქართველოს ევროინტეგრაციას უფრო ახალგაზრდები უჭერენ მხარს

27 ივლისი, 2016 • 1266
NDI: საქართველოს ევროინტეგრაციას უფრო ახალგაზრდები უჭერენ მხარს

მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – ამ კითხვაზე NDI-ის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რესპონდენტების 72%-ისთვის ეს მისაღებია და 16%-ისთვის მიუღებელი, რაც თითქმის უცვლელია წინა კვლევის (მარტის) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე ასაკის) 77%-ისთვის არის ეს მიზანი მისაღები.

შეკითხვაზე, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით), დადებითად უპასუხა გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 49% და გადაწყვეტილი ამომრჩევლების 58%-მა. ამასთან, 18-დან 35 წლამდე რესოინდენტების 59% ეთანხმება ამ მოსაზრებას.

ხოლო შეკითხვაზე – საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, დადებითი პასუხი გასცა გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 30%-მა და გადაწყვეტილი ამომორჩევლების 29%-მა. ამასთან, ამ მოსაზრებას ეთანხმება 56 წელს ზემოთ რესპონდენტთა 34%.

შეკითხვაზე, თქვენი აზრით საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, დადებითი პასუხი აქვს გადაწყვეტილი ამომრჩევლების 50%-ს და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 48%-ს.

ხოლო შეკითხვაზე,თქვენი აზრით საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან, დადებითი პასუხი აქვს გადაწყვეტილი ამომრჩევლების 21%-ს და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 20%-ს.

კვლევის ავტორების განცხადებით, სიღრმისეული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რესპონდენტთა იმ ნაწილს, რომლებსაც აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ასევე აქვთ უფრო მაღალი მატერიალური შესაძლებლობები, უფრო დადებითი განწყობები აქვთ ევროინტეგრაციის მიმართ.

Screen Shot 2016-07-27 at 11.32.39 AM

Screen Shot 2016-07-27 at 11.31.53 AM

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას  დღეს,სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი გააცნეს.

პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი