ახალი ამბებიხელოვნება

გიორგაძემ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

26 ივლისი, 2016 • 2385
გიორგაძემ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეარტის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტროში ამ დრომდე არ შეიტანა, ამიტომ მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება თავად მინისტრმა უკვე გაიცა.

თანამდებობა მინისტრის მოწოდების შემდეგ თავად დატოვა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ. თეატრის ხელმძღვანელებს გადადგომისაკენ მინისტრმა დღეს მოუწოდა. მისი განცხადებით, ოპერაში გაჩენილი დაპირისპირების მოგვარება მოლაპარაკების გზით შეუძლებელი გახდა.

“ორივე მხრიდან წამოყენებული პრეტენზიები უნდა შევისწავლოთ. ჩვენმა აუდიტმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა. თეატრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იქნება ალექსანდრე მოწონელიძე. ხოლო დავით კინწურაშვილი ბრძანებაზე ხელისმოწერისთანავე გათავისუფლდება,” – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

თანამდებობის დატოვებამდე კინწურაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა თეატრის 4 თანამშრომელი. მსახიობები: ამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი, გოჩა გაბიძაშვილი და სამხატვრო ადმინისტრაციის უფროსი ეკა გელაშვილი. როგორც გოგინაშვილი აცხადებს, დავით კინწურაშვილმა მათი გათავისუფლების მიზეზად შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევა დაასახელა. თუმცა განცხადება მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დღეს, მინისტრის პრეციალური ბრიფინგის შემდეგ გაკეთდა, ამიტომ მსახიობებმა ჯერ არ იციან იქნება თუ არა ქმედითი ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ბრძანება.

“სამინისტრომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე. ფაქტია, რომ ეს მისი მხრიდან შურისძიების მცდელობაა,” – აცხადებს გოგინაშვილი, რომელიც კინწურაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებს მონაწილეობას და დასის ნაწილის მიერ მომზადებული პრეტენზიის წერილის ერთ-ერთი ავტორია.

აღსანიშნავია, რომ ეკა გელაშვილი თეატრში 2 სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს და ის კინწურაშვილმა შრომითი ხელშეკრულების უხეშად დარღვევის მიზეზით ერთიდან დაითხოვა.

ოპერის დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გამწვავდა. მომღერალთა და ორკესტრის ნაწილმა გუშინ დავით კინწურაშვილის გადაყენების მოთხოვნით აქცა კულტურის სამინისტროსთან გამართა.

დაახლოებით 300-კაციანი დასის 170-მა წევრმა, ხელმოწერით საკუთარი პრეტენზიები სამინისტროს 18 ივლისს გადასცა. როგორც თეატრის მსახიობები აცხადებენ, კიწურაშვილი ერთპიროვნულად გეგმავდა თეატრის პროგრამას, ჰქონდა მიკერძოებული საკადრო პოლიტიკა და ხელოვნულად ქმნიდა ურთიერთდაპირისპირებებს თანამშრომლებს შორის. კიწურაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი