ახალი ამბებიხელოვნება

მინისტრი ოპერის ხელმძღვანელებს გადადგომისთვის დროს დღის ბოლომდე აძლევს

26 ივლისი, 2016 • 1434
მინისტრი ოპერის ხელმძღვანელებს გადადგომისთვის დროს დღის ბოლომდე აძლევს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ის შეხვდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს და თეატრის დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს და მათ თანამდებობების დასატოვებლად დრო დღის ბოლომდე მისცათ.

გიორგაძის თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელება დაპირისპირებულ მხარეებს შორის აზრს კარგავს და სიტუაციის განმუხტვისათვის უმჯობესი იქნება თუ თეატრის ხელმძღვანელობა შეიცვლება. მინისტრის განცხადებით, თუ კინწურაშვილი და მოწონელიძე თეატრს არ დატოვებენ, ის თავად მიიღებს სხვა ზომებს.

“მე ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ვითარება შეიძლება დარეგულირდეს. უფრო მეტიც, მან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები. დღევანდელ შეხვედრაზე მე შევთავაზე ოპერის ხელმძღძვანელებს, რომ დატოვონ თანამდებობები. მათგან ველოდები შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას დღეს დღის ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მინისტმა დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე.

ოპერის დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გამწვავდა. მომღერალთა და ორკესტრის ნაწილმა გუშინ დავით კინწურაშვილის გადაყენების მოთხოვნით აქცა კულტურის სამინისტროსთან გამართა.

დაახლოებით 300-კაციანი დასის 170-მა წევრმა, ხელმოწერით საკუთარი პრეტენზიები სამინისტროს 18 ივლისს გადასცა. როგორც თეატრის მსახიობები აცხადებენ, კიწურაშვილი ერთპიროვნულად გეგმავს თეატრის პროგრამას, აქვს მიკერძოებული საკადრო პოლიტიკა და ხელოვნულად ქმნის ურთიერთდაპირისპირებებს თანამშრომლებს შორის. კიწურაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი