ახალი ამბები

კობახიძე: მე ისიც არ მომეწონა, წამებაში მსჯავრდებული პირები რომ გაათავისუფლეს

26 ივლისი, 2016 • 1688
კობახიძე: მე ისიც არ მომეწონა, წამებაში მსჯავრდებული პირები რომ გაათავისუფლეს

საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმებას უფორმებს და მათ წინააღმდეგ გამოძიებას წყვეტს.  “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის წევრი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება განსხვავებული მიდგომის მომხრეა.

“ჩვენ ცვლილება შევიტანეთ კანონში და პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სანქციები გავამკაცრეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ასეთი დანაშაულის მიმართ შეუწყნარებელია. ამ ფონზე, რა მოტივით, რა საფუძვლით ისარგებლა პროკურატურამ [საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღებისას] ჩემთვის რთული სათქმელია, ყველა საქმე არის ინდივიდუალური, ყველა საქმეში ინდივიდუალური ფაქტები და გარემოებებია. ასეთ დროს დაზარალებულის პოზიციაც მნიშვნელოვანია,” – აღნიშნავს კობახიძე.

დეპუტატის განმარტებით, როდესაც ხელისუფლების დამოკიდებულება არის მკაფიო და ცალსახა ასეთი დანაშაულის მიმართ, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული:

“მაგრამ როგორ და რა დოზით, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე პროკურატურა წყვეტს და საბოლოოდ სასამართლო. ამის იქეთ შეფასებებში ვერ შევალ. მე ვერ ვიტყვი, რომ სასჯელი ასეთი, ან ისეთი უნდა იყოს. კონკრეტულ საქმეზე ვსაუბრობთ და ჩემი განცხადება შეიძლება პირდაპირ მოწოდებად აღიქვან ამა, თუ იმ სასჯელის გამოყენებაზე. ”

მანანა კობახიძე 2013 წელს იხსენებს, როცა წამების მუხლით მსჯავრდებული პირები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს:

“მე ისიც არ მომეწონა, წამებაში მსჯავრდებული პირები რომ გაათავისუფლეს. საკმაოდ დიდი წუხილი მქონდა ამის გამო. ისინი ძალიან მალე, რამდენიმე თვეში გამოვიდნენ. საბოლოო სასჯელები ყველას მიმართ ძალიან დაბალი იყო. მაშინაც გავაპროტესტე და ახლაც ვაპროტესტებ.”

ინგა ჩატოიანთან, გელა ღურწკაიასთან და ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან პროკურატურა საპროცესო შეთანმხების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სამივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობს და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. კიდევ 2 დაკავებულის, ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები კი პროკურატურას მათთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

2016 წლის ივნისში  პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიზანი პირადი და ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სასჯელის გამკაცრებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი