საქართველოში რეგისტრირებულმა ხუთმა რელიგიურმა გაერთიანებამ („საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია“; „საქართველოს ევანგელურ–ლუთერული ეკლესია“; „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“; „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“;„საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებებს დისკრიმინაციულ პირობებს უწესებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით უთანასწორო მდგომარებაში აყენებს.
მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.
“რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, ექმნებათ დაბრკოლებები სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ქონების მიღებისას (მაგალითად, გაცვლა, სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზება და სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღება), რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპსა ( მე-14 მუხლი) და საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასთან (21-მუხლი)”, – მიიჩნევენ მოსარჩელეები.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც, რელიგიური ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ქონების შეძენა (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიას.
სარჩელით ასევე მოთხოვნილია იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს არ შეუძლიათ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების გზით შეძენა; ასევე, რელიგიურ გაერთიანებებს, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ეზღუდებათ სახელმწიფოსგან ქონების გაცვლისა და საკუთრებაში მიღების უფლება.
აღნიშნული ნორმების მოქმედების გამო, სსიპ რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციები დღემდე ვერ ახერხებენ მათ სარგებლობაში არსებული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. სახელმწიფო მათ რესტიტუციის ფარგლებშიც კი, ქონებას მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადასცემს.
“სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეზღუდება მისთვის კანონით უკვე მინიჭებული პრივილეგიები, ხოლო სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ უფლებებით, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“, – მიიჩნევენ მოსარჩელეები.
დაახლოებით 9 თვის წინ 8 რელიგიური გაერთიანებამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მათი შეფასებით, საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიან. სარჩელით მოთხოვნილი იყო იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებითი ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.