ახალი ამბები

კვირიკაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ვიზების ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება დროის საკითხია

26 ივლისი, 2016 • 1301
კვირიკაშვილი:  იმედი გვაქვს, რომ ვიზების ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება დროის საკითხია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება უახლოეს დროში იქნება მიღებული. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე ისაუბრა:

“ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური. ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში.

მისივე აზრით, ევროინტეგრაცია მოქალაქეების არჩევანია:

“ეს კურსი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია და გამოხატავს მთელი ჩვენი საზოგადოების სწრაფვას, გვქონდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის ყურადღების ცენტრშიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უსაფრთხოება და ამ გზით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში.”

პრემიერმა ამბასადორიალზე ნატოში ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლიშეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში:

“ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ზრდის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით.  იხსნება ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების უფრო ფართო რეგიონის ნაწილად – რეგიონისა, რომლის სახელმწიფოთა ნაწილიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.”

26-29 ივლისს, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, ამბასადორიალი იმართება. ამბასადორიალის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი