ახალი ამბები

კობახიძე პრეზიდენტზე: გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული

25 ივლისი, 2016 • 1290
კობახიძე პრეზიდენტზე: გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის მიერ “ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღების” შესახებ განცხადება ნამდვილად მან გააკეთა. როგორც კობახიძე ფეისბუკზე განმარტავს, მან ეს ჟურნალისტებს კამერების გარეშე უთხრა:

“კამერებთან მე შეგნებულად არ ვთქვი ეს, თუმცა თავად რუსთავის 2-ის ჟურნალისტის “ჩაკითხვის” და პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების გამო, თავად ჟურნალისტის მხრიდან გამოხატული გაკვირვების პასუხად, ეს იყო ეთერს მიღმა, ჩემი სრულიად გულწრფელი კომენტარი”, – დაწერა ფეისბუკზე კობახიძემ.

რაც შეეხება იმას თუ რა განაცხადა მანამდე კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე, ამაზე ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა:

„[მარგველაშვილმა] დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი რაც ვიფიქრე ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი – თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია“, – რუსთავი 2-ის ცნობით, თქვა მანანა კობახიძემ.
ნეტგაზეთი დამატებითი განმარტებისთვის კობახიძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი