ახალი ამბები

პრემიერი: რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე პრეზიდენტს და მაშინვე დავავალე შს მინისტრს საკითხის გარკვევა

25 ივლისი, 2016 • 1584
პრემიერი: რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე პრეზიდენტს და მაშინვე დავავალე შს მინისტრს საკითხის გარკვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა საუბარი იმ თემაზე, რაზეც დღეს გიორგი მარგველაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ იყო სამართალდამცავების ჩართვის ზეწოლის განხორციელების მცდელობა:

“მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ და მაშინვე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოვრიცხავ, რომ იყოს აქ რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცავებს და რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარნი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

დღეს გიორგი კვირიკაშვილი პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით იგი არ აპირებს აჭარის პროკურატურაში მისვლას და რომ ის შეხვდება მთავარ პროკურორს ამ თემებზე სასაუბროდ.

“ბატონი პაპუაშვილის პირველი განცხადებისთანავე დავუკავშირდი მას ტელეფონით და შევთავაზე დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურატურისთვის, ის მასალები მიეწოდებინა, რაც ჰქონდა მას. სამწუხაროდ დღემდე მან გადაწყვიტა, რომ არ მიემართა პროკურატურისთვის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, რომ ბათუმის, აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური, ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ ჩვენ, ჩვენს ინსტიტუციებს, მათ შორის ნებისმიერ ფილიალს და ნებისმიერ რიგით წარმომადგენელს პროკურატურის უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ. მე არ მაქვს პრობლემა მასთან შეხვედრის რა თქმა უნდა, უბრალოდ მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც არის ყოვლად დაუშვებელი იმიტომ, რომ ეს ინსტიტუციები ყველას გვჭირდება ჩვენ და ეს ინსტიტუციები არის, რაზეც  დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, რომ, მე ვესაუბრე უკვე მთავარ პროკურორს, დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი შეხვდებიან და უნდა გაირკვეს სიმართლე. ეს არის ჩემი მოწოდება ყველასადმი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღესვე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ იგი მზადაა შეხვდეს როგორც პრეზიდენტს, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი