ახალი ამბები

ბოკერია: პაპუაშვილსა და მარგველაშვილზე ზეწოლას ივანიშვილი ხელმძღვანელობს

25 ივლისი, 2016 • 1213
ბოკერია: პაპუაშვილსა და მარგველაშვილზე ზეწოლას ივანიშვილი ხელმძღვანელობს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შესაძლო ზეწოლის შესახებ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება   და აცხადებს, რომ ამ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილი ხელმძღანელობს:

„საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათზე, მათი ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე  პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი არაფერს არ წყვეტს და ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ივანიშვილს, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ამ უკანონო ქმედებებს.  ეს არის კატასტროფული ვითარება, ქვეყანაზე ზრუნვის მაგივრად ეს ხალხი საკუთარი ძალაუფლების შენახვისთვის ყველაფერზე მიდის. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებას წერტილი უნდა დავუსვათ,” -აღნიშნავს ბოკერია.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი