ახალი ამბები

აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძე ენმ-ს ლიდერებთან ერთად მივიდა

25 ივლისი, 2016 • 1924
აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძე ენმ-ს ლიდერებთან ერთად მივიდა

დღეს, 25 ივლისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში უკრაინიდან და სათავეში ჩაუდგა აჭარაში ენმ-ს საარჩევნო მარათობს, აუდიტის სამსახურში მივიდა.

აღნიშნულ უწყებაში ვარშალომიძე მას შემდეგ დაიბარეს, რაც არასამთავრობო სექტორში დაინტერესდნენ მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტის კანონიერებით, კერძოდ, საქმე ეხება ხელშეკრულებებს, რომელსაც ვარშალომიძე აფორმებს აჭარის მოსახლეობასთან და რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აშენდება სოციალური სახლები, სადაც ბინებს მიიღებენ ის პირები, ვისათანაც ვარშალომიძეს დადებული ექნება კონტრაქტი. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.

აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძე ენმ-ს ლიდერებთან ერთად მივიდა, მათ შორისაა ნიკა მელია, რომლის თქმით, ხელისუფლებას ეშინია ვარშალომიძის კამპანიის წარმატების და ამის გამო მოხდა დღეს მისი დაბარება. მისივე თქმით, ამავე მოტივით აუდიტის სამსახურში უნდა გამოიძახონ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვინაიდან მელიას განცხადებით, 21 ივლისს კვირიკაშვილმა თქვა, რომ 198 დევნილ ოჯახს გადაეცემა უსასყიდლოდ ბინები.

ნიკა მელია აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის მხარდასაჭერად მივიდა. 25.07.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნიკა მელია აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის მხარდასაჭერად მივიდა. 25.07.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში დაკავებულია აჭარის აღმშენებლობით, დაიბარეს აუდიტის სამსახურში. დღეს, როდესაც ლევან ვარშალომიძე ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში და აპირებს ყველა იმ წარმატებულიპროექტის გაგრძელებას (ამაზე ესაუბრება აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს), ეს ყველაფერი ჩაუთვალეს მას ამომრჩევლის მოსყიდვად…

ახლა ხელში მიჭირავს ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განკარგულება, რომლის მიხეევითაც 198 დევნილ ოჯახს თბილისში, ქუთაისში, ხონში და ლაგოდეხში საცხოვრებელი ფართი მათ საკუთრებაში სასყიდლოდ გადაეცემა. ამის საფუძველზე გაიცა მთავრობის განკარგულება 21 ივლისს. თუკი მართლა გაუჩნდა აუდიტის სამსახურს კითხვები ლევან ვარშალომიძესთან, რა თქმა უნდა, კითხვები უნდა გაუჩნდეს გიორგი კვირიკაშვილთანაც და მაშინ, როდესაც ლევანი გამოვა შენობიდან, უნდა შევიდეს პრემიერიც. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ რა არის ვარშალომიძის დაბარების რეალური მიზეზი – ეს არის მხოლოდ იმ წარმატებული კამპანიის შიში, რომელიც ტარდება აჭარაში და ცდილობენ, ამ კალაპოტიდან ამოაგდონ. ეს მხოლოდ გააძლიერებს თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით ლევან ვარშალომიძეს. ის გააგრძელებს იმ წარმატებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მმართველობის ოერიოდში. ვერცერთი დაბარება პროკურატურასა თუ აუდიტის სამსახურში ვერ შეაჩერებს იმ წინსვლას, რომელიც არის ენმ-ში დაგეგმილი,” – ამბობს ნიკა მელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 19 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ნიკა მელია არასამთავრობო ორგანიზაციის საპასუხოდ აცხადებს:

“კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუკი კითხვა გაუჩნდა აუდიტის სამსახურს, ბატონი კვირიკაშვილიც, რომლიც 21 ივლისს ამბობს, 198 დევნილს გადაეცემა უსასყიდლოდ ბინებიო. ლევან ვარშალომიძე საუბრობდა იმაზე, რომ წლების წინ რა მშენებლობებიც იყო, რა სახლებიც აშენდა დაგადაეცათ სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში შეჩერდა, გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტებს გავაგრძელებო. ამ ყველაფრის გამო დაიბარა ის აუდიტის სამსახურმა.”

ნიკა მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება იმეორებს იმ შეცდომას, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა:

“ყველაზე საწყენი, იცით, რა არის? ქართული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე არის გაბანკროტებული, უნიათო და რას აკეთებს ყოცელდღიურად, თავადაცარ იცის, სხვის შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს. მე ვგულისხმობ 2012 წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს, როდესაც რიგი დააყენა აუდიტის სამსახურმა ქართული ოცნების მხარდამჭერებისა. ზუსტად იგივე ხალხი, რომელიც მაშინ მუშაობდა აუდიტის სამსახურში, დღესაც აგრძელებს იგივე სისულელეების ჩადენას. თუ რა მოჰყვა ამ სისულელეებს, იხილეთ 2012 წლის 1 ოქტომბერი. იგივე განმეორდება 2016 წლის 8 ოქტომბერს, ოღონდ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი