ახალი ამბები

თამაზ მეჭიაური: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საჭიროდ მიმაჩნია

25 ივლისი, 2016 • 1693
თამაზ მეჭიაური: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საჭიროდ მიმაჩნია

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუეჯტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საჭიროდ მიაჩნია. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს კვირის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საჭიროდ მიმაჩნია და იქ [რუსეთში] ყოფნის დროს ეს საკითხი დავაყენე. ეს რუსეთის საკეთილდღეოდ გადაგმული ნაბიჯი კი არ არის, არამედ ჩვენი მოსახლეობის. უამრავი ქართველი ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსეთში და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მათ პრობლემებს შეამსუბუქებს,” – ამბობს მეჭიაური.

დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების აუცილებლობის კონტექტსში მეჭიაური არგუმენტად იაპონია-რუსეთის ურთიერთობას ასახელებს.

“იაპონიასთან რუსეთს რამდენი ხანია აქვს ტერიტორიული პრობლემა, ამან ხელი შეუშალა დიპლომატიური ურთიერთობის ქონაში? კურილიის კუნძულებზე დღემდე მიდის დავა, მაგრამ კიდევ რომ არ გაუარესდეს მდგომარეობა, ისინი აგრძელებენ ურთიერთობას.  დიპლომატიური ურთიერთობა რომ არ გვაქვს, ამით ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან.”

სხვათაშორის ანალოგიური მაგალითი დაასახელა თვენახევრის წინ რუსეთის დუმის დეპუტატმა ვიტალი ზოლოჩევსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.

თამაზ მეჭიაურის განმარტებით, ის რუსეთში ქართულ დიასპორას შეხვდა. დეპუტატის მტკიცებით, 2008 წლის შემდეგ რუსეთში ემიგრირებულ საქართველოს მოქალაეებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ:

“მათი მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოითქვა იმის თაობაზე, რომ 2008 წლის შემდეგ იქ საარჩევნო უბნები არ გახსნილა. დაახლოებით ერთი მილიონია ჩვენი მოსახლეობა რუსეთში, ყველ მათგანს შეიძლება არ ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ვისაც აქვს, ისინი ვერ მონაწილეობენ არჩევნებში. მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან ეს საკითხი დამეყენებინა.

თუ ეს საკითხი არ გადაწყდა, ჩავთვლი რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების კურსს აგრძელებს. წინა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება იმ მოტივით არ მისცეს, რომ რუსეთი მცხოვრებლები არსებულ ხელისუფლებას არ მისცემდნენ ხმას. დღევანდელმა ხელისუფლებამაც თუ იგივე კურსი გააგრძელა, ეს ამომრჩევლების დისკრიმინაციაა,”- აღნიშნავს მეჭიაური.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია:

“ეს ქვეყანა ოკუპანტია, უარი უნდა თქვას ოკუპაციაზე, გაიყვანოს ჯარი, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას, უნდა შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემდეგ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

თამაზ მეჭიაური რუსეთის ფედერაციაში “დუმის” ზედა პალატის დეპუტატებს შეხვდა. მისი თქმით, ეს ვიზიტი “ნახევრადოფიციალური” იყო, რადგან პარლამენტის ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა:

„მოსკოვში  იგორ მოროზოვის მოწვევიტ ვიყავი. ძირითადად ზედა პალატის დეპუტატებს შევხვდი, თუმცა  დუმის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთანაც მქონდა არაფორმალური შეხვედრები,” – ამბობს მეჭიაური და ამტკიცებს, რომ შეხვედრებზე მისი პარტიის დაფინანსების საკითხზე არ უსაუბრია.

თამაზ მეჭიაური მერვე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” კვოტით მოხვდა. დეპუტატმა 2016 წლის 21 მაისს “ქართული ოცნება”    საგარეო კურსზე შეუთანხმებლობის მიზეზით დატოვა. 6 ივნისს მან  თავისი ახალი პარტიის   “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” გუნდი წარადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი