ახალი ამბები

მოქალაქეები ოლიმპიური ნაკრების ფორმის ცვლილებას ონლაინ-პეტიციით ითხოვენ

24 ივლისი, 2016 • 2501
მოქალაქეები ოლიმპიური ნაკრების ფორმის ცვლილებას ონლაინ-პეტიციით ითხოვენ

ონლაინ-პეტიციას, რომლის ავტორიც საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოში გამოსასვლელი ფორმის შეცვლას ითხოვს, ხელს 2000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

“ვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ, არ მოსწონდეთ არსებული ფორმა. მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება”, – წერს პეტიციის ავტორი.

12:00 საათისთვის პეტიციას ხელს 2373 ადამიანი აწერს.

Screen Shot 2016-07-24 at 12.22.01 PM

23 ივლისს თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, სადაც სპორტსმენები “სამოსელი პირველის” შეკერილი ტანსაცმლით წარდგნენ. სპორტსმენთა სამოსის დიზაინს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე ნეტგაზეთი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცეპრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს დაუკავშირდა. კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია “სამოსელ პირველთან” კონტრაქტის გაფორმება, ბერიშვილი ამბობს:

“ე.ი. სხვა უფრო საინტერესო დღეს არაფერი არ მომხდარა, როგორც ჩანს. არ არის პრობლემა, უბრალოდ, მე არ ვიყავი ამ ამბავში ჩართული. ყველას თავის ფუნქცია აქვს კომიტეტში. ჩვენთვის მთავარია სპორტი და წარმატება ოლიმპიადაზე. რა ეცვათ და როგორ, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა ოლიმპიადაზე. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ მთელი ცხოვრება და უცხო არ არის ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ხდება ასე. ჩვენ გადავწყვიტეთ მთავარი, რომ საქართველოში შეკერილიყო და ქართულ კომპანიას შეეკერა. მე მგონი, ლოგიკურია. გვინდოდა, აქ დახარჯულიყო ის ფული და საერთოდ, ქართული სამოსი საქართველოში უნდა შეკერილიყო.”

ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ სამოსელი პირველის გარდა, სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ ამ მაღაზიაზე გაკეთდა არჩევანი. ელგუჯა ბერიშვილის თქმით, მან არ იცის, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიიღო მაღაზიამ ოლიმპიური კომიტეტისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი