ახალი ამბები

მოსკოვის პოლიციის უფროსს რეპორტიორის ცემის გამო მიმართეს

7 მარტი, 2012 • 1193
მოსკოვის პოლიციის უფროსს რეპორტიორის ცემის გამო მიმართეს

გენერალი კოლოკოლცევი
გენერალი კოლოკოლცევი

რადიო “კომერსანტ FM” – ის მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი სოლოპოვმა ღია წერილით მიმართა მოსკოვის პოლიციის უფროსს ვლადიმერ კოლოკოლცევს.

მიმართვის საფუძველი გახდა 5 მარტს მოსკოვის ცენტრში ჟურნალისტის, ულიანა მალაშენკოს ცემის ფაქტი. სოლოპოვის თქმით, ეს მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს.

“გენერალ კოლოკოლცევ, მოგმართავთ თქვენ, როგორც ოფიცერს, მიიჩნევთ თუ არა ნორმალურად იმას, რომ თქვენმა ქვეშევრდომებმა ხელკეტები თავში ურტყეს ქალს?”- წერს რადიოს მთავარი რედაქტორი წერილში და აღნიშნავს, რომ რეპორტიორი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში 4 მარტს გამართულ საპრეზინდეტო არჩევნების მეორე დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქციების დროს მოქალაქეების ნაწილი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, მმართველი პარტიის, “ედინაია როსიას” წარმომადგენელმა ვლადიმერ პუტინმა ხმათა დაახლოებით 64 % მოიპოვა. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი. მან ხმების 17 %-ზე ცოტა მეტი მოიპოვა. მესამე ადგილზე მიხეილ პროხოროვია 7,77 % – ით. სერგეი მირონოვმა და ვმადიმერ ჟირინოვსკიმ კი ხმათა 3, 84 % და 6, 23 % მოიპოვეს.

დამკვირვებლები არჩევნების პროცესში მრავალრიცხოვან დარღვევებზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი