ახალი ამბები

ბრაზილიის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენები იასპარეზებენ

23 ივლისი, 2016 • 2413
ბრაზილიის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენები იასპარეზებენ

დღეს, 23 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებზე 13 სახეობაში 39 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშედ ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი აირჩიეს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ნდობა გამოუცხადა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ქართველ ოლიმპიელებს სიტყვით მიმართეს და მომავალი გამარჯვების მისაღწევად წარმატებები უსურვეს.

“დღეს ორი მსოფლიო იბრძვის. ის ბოროტება, რომელიც ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როცა ასე მალულად და ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს, და ამის საპირისპირო ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ღიად ასპარეზობთ გამარჯვებისათვის და თქვენს კეთილ ნებას აჩვენებთ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო არაერთხელ მოისმენს საქართველოს ჰიმნს თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად და თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს და გააბედნიერებს. მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება ჩვენი ქვეყნისათვის. მე თქვენთან ვიქნები და მთელ საქართველოსთან ერთად გიგულშემატკივრებთ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

“დღეს მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია; ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და, დარწმუნებული ვარ, ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ბრაზილიაში, მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 13 სახეობაში 39 სპორტსმენი არის მნიშვნელოვანი რიცხვი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც უდიდესი სპორტული ტრადიციებით გამორჩეულია.

“აქ ვხედავ ლეგენდებს, რომლებმაც შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველო აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში,” – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებს და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს წარმატება დღევანდელ დღემდე მოიტანა და ქართველ სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიმპიური საგზური მოიპოვეს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ბრაზილიას მიულოცა წარმატება, რომელიც მას მსოფლიო ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სახით ხვდა წილად და აღნიშნა, რომ ეს ყველა ქვეყნისთვის უდიდესი პატივია, მით უმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული ქვეყნისთვის, როგორიც ბრაზილიაა.

ცერემონიის დასასრულს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა სამახსოვრო მედლები ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გარდა, ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თბილისის მერი, ბრაზილიის ელჩი და სპორტული საზოგადების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი